შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გიორგი ტაკიძე ისევ დუმილის უფლებით სარგებლობს, კურდღელაშვილი კი ბრალს სრულად აღიარებს სექტემბერი 21, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:46 AM

შორენა ღლონტი

ამის შესახებ “გურია ნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან რამდენიმე წუთის წინ გამოსულმა ჟურნალისტმა თამუნა ლეფსვერიძემ აცნობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კორუფციულ გარიგებაში ბრალდებული გიორგი ტაკიძის და ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსის მერაბ კურდღელაშვილის წინა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა.

როგორც თამუნა ლეფსვერიძემ გვითხრა, ბრალდებული ტაკიძე ისევ დუმილის უფლებას იყენებს და პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, ხოლო რაც შეეხება კურდღელაშვილს, მასთან ჯერ საპროცესო გარიგება არ გაფორმებულა და იგი გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი.
მისი თქმით, სასამართლო სხდომა ზუსტად 10 საათსა და 30 წუთზე, მერვე დარბაზში დაიწყო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე იყო. ბრალდების მხარეს კი პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი წარმოადგენდა. მერაბ კურდღელაშვილს აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეეცვალა, ამიტომ ის ადვოკატის გვერდით იჯდა და არა ბრალდებულის სკამზე.
“მოსამართლემ კურდღელაშვილს კითხვით მიმართა, აღიარებდა თუ არა იგი დანაშაულს. მან უპასუხა, რომ ბრალს სრულად აღიარებდა და აბსოლუტურად ყველაფერში ეთანხმებოდა ბრალდების მხარეს. რაც შეეხება თვითონ გიორგი ტაკიძეს, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას ინარჩუნებს და როგორც მისმა დაცვის მხარემ მირდატ ქამადაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ის არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში დევს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას კურდღელაშვილთან დაკავშირებით, ეს საკითხი დღესაც არ დამდგარა სასამართლო პროცესზე და პროკურორმა განაცხადა, რომ საპროცესო გარიგებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის. მას კვლავ გირაოთი აქვს აღმკვეთი ღონისძიება შეცვლილი”, _ გვითხრა თამუნა ლეფსვერიძემ.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი ტაკიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურას ერთადერთი მტკიცებულება გააჩნია მერაბ კურდღელაშვილის ჩვენების სახით. პროკურორის თქმით, მისი მტკიცებულებები იმდენად მყარი და არგუმენტირებულია, რომ ის ითხოვს საქმე გადავიდეს არსებით განხილვაში, მისი ეს მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
“სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ, გავესაუბრე მირდატ ქამადაძეს და ვკითხე, რომ თუ იყო პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება. მან მიპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ისინი არ აღიარებენ არანაირ მტკიცებულებას, თუმცა, მითხრა, რომ რაღაც ეტაპისთვის ის არ გამორიცხავს საპროცესო შეთანხმებაზე საუბარსაც. სხდომა იყო საკმაოდ ემოციური _ ბრალდებულის ნათესავები ტიროდნენ. რამდენიმე ხნით დარბაზიდან გაიყვანეს ტაკიძე და როცა მოსამართლე შემოვიდა, შემდეგ შემოიყვანეს. “ჩემი შვილი როცა გამოვა ციხიდან, კაცად მაინც დარჩება, სხვამ იკითხოს თორემ”, _ თქვა ტაკიძის დედამ. პროცესი სულ რაღაც 30 წუთი გაგრძელდა”, _ გვიამბო ჟურნალისტმა.
ტაკიძეს ბევრი ადვოკატი ჰყავს, მაგრამ მას დღეს მხოლოდ ერთი ადვოკატი წარმოადგენდა.
“ტაკიძე ძალიან მხნედ და ყოჩაღად გამოიყურებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს და მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში თამუნა ლეფსვერიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში 4 აგვისტოს, დილის საათებში აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქრთამის მიღების სანაცვლოდ, როგორც ამას დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო. თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არავითარი ხელშეკრულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ოზურგეთის გამგეობიდან გამოთხოვილი და მიღებული ოფიციალური ინფორმაციაც ამას ადასტურებს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, 2010 -2011 წლებში, სახელმწიფო შესყიდვა დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე არ გახორციელებულა. შესაბამისად, არ გაფორმებულა არავითარი ხელშეკრულება. რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებაზე გაწეულ ხარჯებს, იგი ჩასმულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და სუბსიდიის სახით ერიცხებოდა აიპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს”.

 

დატოვე კომენტარი