შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

“გაჭირვებულმა” საკრებულომ პოლიციას ძვირადღირებული ჯიპები შეუძინა March 11, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:57 am

შორენა ღლონტი

გურია ნიუსი

მიხეილ სააკაშვილი ყველა გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია და მაღალჩინოსნებსა და თანამდებობის პირებს “ქამრების შემოჭერისკენ” მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის სახსრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ძვირადღირებული ავტომობილები შეუძინა. მანამდე კი, ასევე საკმაოდ ძვირადღირებული ჯიპი, ხალხის ფულით, ანუ ბიუჯეტიდან, საკუთარი უფლებამოსილების გასახორციელებლად იყიდა. ანალოგიურად მოიქცა გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძეც _ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს 36 288 აშშ დოლარად “ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” შეუძინა. საინტერესოა, როცა პრეზიდენტი სატელევიზიო გამოსვლებში ქადაგებს ხარჯების შემცირებაზე, ჩინოვნიკები განუსაზღვრელი კომფორტის უფლებას რატომ აძლევენ თავს? მით უმეტეს, მაშინ, როცა შემცირდა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები, ყოველდღიურად ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, განსაკუთრებით, პური. როგორც 2011 წლის 21 თებერვლით დათარიღებულ #34 ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ინდმეწარმე ირაკლი გორგოშიძისგან “მერსედეს ბენც მლ 320” 24 400 ლარად საკუთარი კომფორტისთვის შეისყიდა; 22 თებერვალს ხელშეკრულება ალეკო მამეშვილმა და ფიზიკურმა პირმა დავით ლომაშვილმა გააფორმეს, რომლის თანახმადაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველს მიაწოდოს 35 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა “ბმვ იქს 5”; ამავე დღეს გამოცხადდა მესამე ტენდერი, ისევ “მერსედეს ბენც მლ 320” შეძენაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით _ 25 000 ლარი. პრეტენდენტი ფიზიკური პირი, ოთარ თედორაძეა. თუმცა, ხელშეკრულება მასსა და მამეშვილს შორის, ჯერ არ გაფორმებულა. აღნიშნული მარკის ავტომობილები მუნიციპალიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოსთვის შეიძინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 2011 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილების დასაფინანსებლად 115 ათასი ლარი გამოყო, გასულ წელს კი ამ მიმართულებით 122 500 ლარი გახარჯა. “იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს, საჯარო მოხელეებმა “ქამრები უნდა შემოიჭირონ”, რადგან ბიუჯეტს ძალიან უჭირს ზედმეტი ხარჯების გაღება ფუფუნებისთვის, ისმის კითხვა: “გაღლეტილი” ოზურგეთის ხელისუფლებას აქვს ასეთი კომფორტის უფლება?”, _ კითხულობს “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია. ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი ამბობს, რომ რეგიონებში ბევრი პრობლემაა და გაუმართლებელია, როცა თვითმმართველობები აფინანსებენ პოლიციის, განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯებს. წესით, ეს სფეროები ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს: _ ანუ აქ ხდება საბიუჯეტო პოლიტიკის დეფორმაცია. რეალურად, თვითმმართველობა საკუთარ თავზე იღებს დამატებით ფუნქციებს იმ დროს, როცა ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამ დროს შემოდის საბიუჯეტო ქაოსის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რასაც მძიმე მდგომარეობამდე მივყავართ, _ ამბობს საყევარიშვილი. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბიძის თქმით, საერთოდ, როდესაც ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების ვალდებულებებსა და კანონიერებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მანამდე უნდა განისაზღვროს, კანონით თუ რომელს რა კომპეტენცია გააჩნია: _ პოლიცია განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო მმართველობას დაქვემდებარებულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში (“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი) და შესაბამისად, ამ ამოცანების შესრულებისთვის ყველა ხარჯი, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური, შრომითი ანაზღაურება და სხვა, ცენტრალური ბიუჯეტიდან, კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან უნდა იყოს დაფარული. ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში და ამ კანონის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია ორი ძირითადი სახის უფლებამოსილება _ საკუთარი და დელეგირებული. თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების სფეროში არ შედის პოლიციის დაფინანსება, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების გახორციელების დროს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ (მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადმოცემულ კომპეტენციასთან ერთად, მისი შესრულებისთვის საჭირო თანხებიც უნდა მოაყოლოს. ანუ დელეგირებული უფლებამოსილებისთვის საჭირო თანხა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებისგან არ უნდა დაიხარჯოს. მართალია, დაფინანსების საკითხში “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი გარკვეულწილად “სთხოვს” ადგილობრივ ბიუჯეტს მათთვის ხარჯის გაწევას, მაგრამ ეს სწორედ ზემოაღნიშნული ფინანსური დელეგირებით უნდა გახორციელდეს, ანუ პოლიციის დაფინანსება მაინც სახელმწიფო და არა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს, _ გვითხრა ხინთიბიძემ. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს შსს-ს ტერიტორიული ორგანოების დამატებითი მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს “პოლიციის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შსს-ს ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინონ (მუხლებით _ “სხვა საქონელი და მომსახურება” და “კაპიტალური ხარჯები”) განსაზღვრულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო სახსრები”, _ განკარგულებას ხელს მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელი აწერს. ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ტენდერის პირობებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ავტომანქანებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი მონაცემები: უკანა ხედვის კამერა, DVD ჩეინჯერი, თV სისტემა, კლიმატკონტროლი, სავარძლის გათბობა და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ძრავის მოცულობა არ უნდა იყოს 3500 კბ.სმ-ზე ნაკლები. ასეთი ფუფუნება კი, გამართული და ფინანსურად მდგრადი მუნიციპალიტეტის არსებობის პირობებშიც, საზოგადოების მხრიდან ბევრ კითხვას დაბადებდა: _ საინტერესოა, რა არის ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული: მოსახლეობის დახმარება თუ კომფორტული ავტომანქანების შეძენა?! ეს რაციონალიზმია თუ მავანი ძალოვანი ჩინოვნიკისთვის კომფორტულ სამუშაო გარემოზე ზრუნვა?! ამაზე ფიქრი ნამდვილად მოუწევს ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგანაც საზოგადოების მხრიდან რეაგირების ფორმები არავინ უწყის, როგორი იქნება, _ მიაჩნია ჩხაიძეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თემურ სალუქვაძის თქმით, დღეს ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული ჯიპები შეიძინოს: _ მუდამ გაიძახიან, ფინანსები მწირია და ამ მოტივით ვერ ვახორციელებთ, როგორც სხვადასხვა პროექტებს, ასევე ვერ ვეხმარებით გაჭირვებულებსო, თუმცა, ფაქტი სახეზეა, _ გვითხრა სალუქვაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დარიგებულ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც იმავე დღესვე დამტკიცდა, არ არის აღნიშნული, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი ძვირადღირებული ჯიპის შეძენა ჰქონდა განზრახული. ბიუჯეტში მსუბუქი ავტომობილის შეძენაზე 0 თეთრია გათვალისწინებული, ასევე 0 თეთრია აღნიშნული მუხლში _ მანქანა-დანადგარები და ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ არც მომდევნო სხდომებზე, სადაც საუბარი იყო ბიუჯეტის ცვლილებებზე, განცხადება ამ კუთხით არ გაკეთებულა. თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კობა ხაბალაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარი ავტომანქანების რემონტზეა გათვალისწინებული, ხოლო ავტომობილის შეძენაზე 25 ათასი ლარია გამოყოფილი, სწორედ ამ თანხით მოხდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გასახორცილებლად ავტომობილის შეძენა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, თვითმმართველობამ, პირველ რიგში, საკუთარი უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს: _ პოლიცია იმ შემთხვევაში უნდა დაფინანსდეს, თუ კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები შესრულებულია და ბიუჯეტში კიდევ არის სახსრები სხვა ღონისძიებებისთვის. საია-ს ოზურგეთის ოფისმა, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, წერილობითაც მიმართა საკრებულოს, სადაც სხვა შენიშვნებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ საია-ს ასეთი შემოსულობების მქონე მუნიციპალიტეტისთვის, პოლიციის დაფინანსება არ მიაჩნდა მიზანშეწონილად, _ თქვა ტრაპაიძემ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s