შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

H1N1 _ პანიკის საფუძველი არ არსებობს February 7, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:33 am

თუმცა, ოზურგეთში, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, რესპირატორული ინფექციის 90 შემთხვევა დაფიქსირდა

შორენა ღლონტი გურია ნიუსი

ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში 2011 წელს H1N1 ვირუსის 163 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 118-ს H1N1, 28-ს – B ტიპის ვირუსი, 18-ს კი – A ტიპის ვირუსი დაუდგინდა. ასევე, იანვრის თვის მონაცემებით, გარდაცვლილია რვა ადამიანი. ვირუსის გავრცელების სტატისტიკაში ექიმები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვალსა და მარტშია მოსალოდნელი. არიან თუ არა მობილიზებულები ოზურგეთში სამედიცინო დაწესებულებები და აქვთ თუ არა საკმარისი მედიკამენტები. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოძახებებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, მკვეთრად იმატა. `გამოძახების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, ძირითადად მწვავე რესპირატორული დაავადებების და ვირუსების ხარჯზე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რესპირატორული ინფექციის 90 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შედარებით მძიმე 18 შემთხვევა იყო, ორსულები და ბავშვები სტაციონარში გადმოვიყვანეთ~, _ გვითხრა ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა გოლიაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნაშია, აქვთ ყველა სახის პირველადი დახმარების საშუალება და მედპერსონალი აღჭურვილია პირადი დაცვის საგნებით. როგორც `გურია ნიუსს~ ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ სამკურნალო დარგში ქეთევან ღლონტმა განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ბრძანების საფუძველზე, მისი თავმჯდომარეობით შიდა კომისია, უკვე ერთი კვირაა, შეიქმნა. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ამ ეტაპზე პროცესები აბსოლუტურად მართვადია. `24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ძირითადი დატვირთვა ინფექციურ და თერაპიულ განყოფილებებზე მოდის. გვაქვს ყველა საჭირო ანტივირუსული მედიკამენტები, რომელიც ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შემთხვევების დროს ინიშნება. საჭიროების შემთხვევებში სარეზერვო საწოლებიც გვაქვს. მძიმე მდგომარეობაში შემოყვანილი პაციენტი არ გვყოლია, ასეთ შემთხვევებში ჩვენ პირველად დახმარებას გავუწევთ, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვადი სუნთქვის აპარატიც გვაქვს, თუმცა რეფერალური პროგრამის ფარგლებში პაციენტის გადაყვანა ქუთაისში მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უბნის და ოჯახის ექიმს დროულად უნდა მიმართონ. სეზონურ გრიპს, A და B ტიპის ვირუსებს წლების წინაც ახლდა სიკვდილიანობის შემთხვევები. საბედნიეროდ, H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა~, _ გვითხრა ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ. ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით მდინარაძე ვარაუდობს, რომ ვირუსის გავრცელება პიკს თებერვლის თვეში მიაღწევს. `24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გართულებული მდგომარეობა ჯერჯერობით არ გამოვლენილა, თუმცა, რესპირატორული ინფექციის რამდენიმე შემთხვევა იყო, პიკი, ალბათ, თებერვალში იქნება~, _ გვითხრა მდინარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეპიზოდები, რაც დაკავშირებულია ვირუსის შემთხვევებთან, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდეს. ასევე, განაწილებულია უფასო ანტივირუსული მედიკამენტები მთელ სამედიცინო ქსელში. თებერვლის ბოლოდან ჩვენ ველოდებით შემთხვევების მატებას, მაგრამ სამედიცინო სფერო მზად არის, რათა მოსახლეობისთვის არ იყოს ფინანსური ბარიერი და დაინფიცირების შემთხვევაში მათ დროულად მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო რისკ ჯგუფები, რომლებსაც ორსული, ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები განეკუთვნებიან და მოვუწოდებ მათ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით იანვრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გრიპის სიმპტომებით 6000-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზირებულ იქნა 4000. დღეის მდგომარეობით, საქართველოში სეზონზე მიმართვის მაჩვენებელია 15 000 შემთხვევა. ლაბორატორიულად სეზონური გრიპის 90 შემთხვევაა დადასტურებული. სპეციალისტების რჩევით, მოსახლეობის იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, უმჯობესია, ნებისმიერი გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, პოლიკლინიკებს მიმართონ. გრიპის ვირუსის საშიშროების გამო, პირველადი ჯანდაცვის მომსახურება უფასო გახდა და ეს ინიციატივა იანვრის მეორე ნახევრიდან, მარტის ჩათვლით, იმოქმედებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ნატა ავალიანის განცხადებით, ჯერ ვირუსის პიკი არ არის და მისი მატარებლების რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირაში მოიმატებს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. „რაც ამ სეზონისთვის ხდება, ეს არის გრიპის ვირუსის საშუალო სიხშირე. შარშან, ამ პერიოდისთვის, გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყო და პიკი დეკემბერში დადგა, როდესაც 130 დადასტურებული შემთხვევა და 10 გარდაცვალება დაფიქსირდა. წელს არც მსოფლიოშია ეპიდემია, ყველგან არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. გრიპი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მწვავე კონტაგიოზურ ინფექციურ დაავადებას, დაავადება ხასიათდება ავადობის მაღალი და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით (1-4 %). H1N1 სიმპტომები იგივეა, რაც ჩვეულებრივ გრიპის დროს, თუმცა სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა, შეიძლება ვარირებდეს, უსიმპტომოდ მიმდინარე გრიპიდან მძიმე პნევმონიამდე, რომელიც ხშირად ლეტალობით მთავრდება. მტკიცდება, რომ ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია იმუნიტეტი ღორის გრიპის ვირუსის მიმართ. ვირუსის გადასვლა ადამიანიდან ადამიანზე, შეიძლება გახდეს პანდემიის მიზეზი. პანდემიის წინასწარ განჭვრეტა მეტად რთულია, რადგან დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ვირუსის ვირულენტობაზე, ადამიანის იმუნიტეტზე, ჯვარედინი დაცვის მექანიზმებზე, რაც ხორციელდება იმ ანტისხეულების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სეზონური გრიპის წინააღმდეგ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s