შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

დიდთოვლობა გურიაში February 4, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:03 am

შორენა ღლონტი

გურიის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს და 10 სანტიმეტრს გადააჭარბა,
ლანჩხუთის ცენტრში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს ასცდა, დაბა ჩოხატაურში _ 50-ს, ხოლო ოზურგეთში 35 სანტიმეტრს აღწევს.
3 თებერვალს, დილის საათებში, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო. სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დილის 11 საათისთვის დაიწყო. მიუხედავად ამისა, არც ერთი სოფლის მიმართულებით ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა და ამ ყველაფერთან ერთად რეგიონის მასშტაბით მთელ რიგ სოფლებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ეს იმ ფონზე, როცა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბებია შექმნილი.
დილის საათებში ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსებიც არ მოძრაობდნენ. როგორც “გურია ნიუსს” “ტრანსსერვისის” მორიგე ოპერატორმა უთხრა, იმის გამო რომ ქუჩები გაუწმენდავია, მძღოლები სამსახურში ვერ გამოცხადდნენ.
რაც შეეხება გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს, აქ შეტყობინებები დილიდანვე მიიღეს, თუმცა, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოძახებები ძირითადად ავტომანქანების მოცურების გამო მიიღეს.
როგორც ოზურგეთის ავტოსადგურში გვითხრეს, დღეს არც ერთი მიმართულებით ტრანსპორტი არ გასულა.
“არც გასულა დღეს ჩვენი სადგურიდან ტრანსპორტი და არც შემოსულა. ამის მიზეზი გაუწმენდავი გზებია”, _ გვითხრა ავტოსადგურის მოლარემ ნონა კილაძემ.
ყველაზე მეტი პრობლემები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს შეექმნათ _ უკვე 24 საათზე მეტია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2 თებერვალს ღამით, მათ სამაშველო სამსახურს და პოლიციას მიმართეს. მანქანის თოვლიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება: “ამ დრომდე ვერ ხერხდება ჯუმათში, თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანის ამოყვანა. გამოძახება აღნიშნული სოფლიდან გუშინ საღამოს მივიღეთ, ვინაიდან დედა-შვილს სტაციონარში გადმოყვანა ესაჭიროებოდათ. ჩვენ სამაშველო სამსახურს და პოლიციას დავუკავშირდით. პაციენტები სტაციონარში პოლიციის მანქანით, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადა სამაშველო სამსახურის ავტომანქანით გადმოიყვანეს”, _ გვითხრა ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა გოლიაძემ.
ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა სოფელ მთისპირშიც. გამოძახებიდან რამდენიმე საათი გავიდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო ექიმების ბრიგადა დანიშნულების ადგილზე ასვლას ვერ ახერხებს. ჩვენი ინფორმაციით, მათ დასახმარებლად წასული სპეც-ტექნიკაც გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.
ნანა გოლიაძის თქმით, 24 საათში 60-მდე გამოძახება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ტექნიკა გამოვიყვანეთ, მაინც არ არის საკმარისი. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, თუ აუცილებელი არ არის ჩვენი დახმარება, ასეთ მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ნუ დაგვიკავშირდებიან, რადგან შესაძლოა სხვას უფრო მეტად უჭირდეს _ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, ფილტვების მოსმენას და წნევის გასინჯვას”.
“გურია ნიუსს” მაღალმთიანი სოფლებიდან არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, უმეტესობამ გაუწმენდავი გზებისა და უშუქობის გამო შექმნილ მდგომარეობის შესახებ გვაცნობა.
_ სოფელ ასკანაში ამ დრომდე არ გაწმენდილა გზები _ გვითხრეს სატელეფონო საუბარში ასკანაში მცხოვრებლებმა. გზა გაუწმენდავია ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებშიც. როგორც ზემო სურებში მცხოვრებლებმა გვითხრეს, შუქი აქვთ, თუმცა, გზა ჯერ არ გაწმენდილა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე ამბობს, მთელი ღამე თოვდა და საკმაოდ საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა: _ დილიდანვე შევუდექით გზის გაწმენდით სამუშაოებს. პირველ ეტაპზე სასიცოცხლო ობიექტებთან და საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზები გავწმინდეთ. სოფლების მიმართულებით სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, პირველ ეტაპზე ცენტრალური გზები გაიწმინდა. გვეხმარებიან როგორც კომპანია “ნიუ-ენერჯის” კუთვნილი ტექნიკა, ასევე კერძო პირებიც. გაწმენდითი სამუშაოები და ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ სულ 29 ტერიტორიული ერთეულია და ერთდროულად ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა. ამ დრომდე რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია _ დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზები. ქალაქში შუქის მიწოდება აღდგა. რამდენიმე ადგილას ხეებიც წაიქცა და ხაზები დააზიანა”, _ გვითხრა ტაკიძემ.
_ ბატონო გიორგი, სოფლების მიმართულებით დილის 11 საათზე გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ იყო. მთისპირში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა პაციენტამდე ასვლას გაუწმენდავი გზების გამო ვერ ახერხებს…
_ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე პაციენტს სპეცტექნიკით ჩამოიყვანენ. რაც შეეხება გზის გაწმენდას, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს ტრაქტორები, ამ დრომდე დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება გზის ბოლომდე გაწმენდა.
ტაკიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს საკვებ პროდუქტს და პირველადი მოხმარების საჭირო ნივთებს სახლში მიუტანენ, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარი გამოიყო მისი გახარჯვა საჭიროებების მიხედვით მოხდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტიძის თქმით, ამ დროისთვის (საუბარი ჩაწერილია 17:07 საათზე) ქალაქის ცენტრი და მიმდებარე სოფლებში გზები გაწმენდილია: “ყველაზე მაღალი თოვლის საფარი სოფელ ჩოჩხათში, აცანაში, მამათში და აკეთშია. აცანა-მამათი-ძიმითის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ, მოგვიანებით გზა გაიხსნება და მოძრაობაც აღდგება. შეფერხებებია ელექტროენერგიის მოწოდებაშიც. რიგ სოფლებში შუქი პერიოდულად ითიშება, თუმცა, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტს შუქი აქვს. მამათში თოვლის საფარმა ერთ მეტრს და 10 სანტიმეტრს გადააჭარბა”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში რევაზ ჩიტიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის თქმით, დაბის ცენტრში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება (საუბარი ჩაწერილია 17:12 წუთზე).
თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში _ ზოტში, სურებსა და განახლებაში ერთ მეტრზე მეტია, ცენტრალური გზები ამ დროისთვის გაწმენდილია და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა: “პრობლემები რჩება. არ გვყავს საკმარისი ტექნიკა. სოფლებთან გვაქვს კავშირი და 24 საათიან რეჟიმში, მორიგეობის პრინციპით ვიმუშავებთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დაბისთვის შუქის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში ეს დღეს ვერ მოხერხდება და ამის მიზეზი გაწყვეტილი ელსადენებია. სასიცოცხლო ობიექტებთან მისასვლელი გზა გაწმენდილია, დღეს მთელი დღე თოვდა და ახლაც თოვს”, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s