შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ექსპერტები სამოქალაქო ბუნტს წინასწარმეტყველებენ January 28, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:13 pm

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი


ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ბელორუსული სააგენტო “მი” ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის სემ ბელის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გამო მოხდა.
ამერიკელებმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველომ ამ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საქართველოს უსწრებს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი. “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში ხდება, რა თქმა უნდა, ქმნის იმის საფუძველს, რომ ამბოხი და ბუნტი მოხდეს.
მისივე განცხადებით, ამის თქმის საფუძველს არსებული პოლიტიკური კურსი აძლევს: _ ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარული რეჟიმი ყალიბდება, ამბოხის საფუძველი ყოველთვის არსებობს. ამას ემატება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა იმყოფება, თუნდაც, ბოლო დღეებში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მომატება ვთქვათ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმ პროცესებს, რასაც სოციალური აფეთქება ჰქვია. სოციალური აფეთქება აბსოლუტურად დაუშვებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა _ ეს წალეკავს ყველას და ყველაფერს, რაც, შეიძლება, ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრიობის ფასადაც კი დაუჯდეს. ამიტომ, ამ პროცესების განვითარებას ხელი არ უნდა შევუწყოთ და როგორმე კონსტიტუციური გზით უნდა მოვახერხოთ არსებული ხელისუფლების შეცვლა. სხვა შემთხვევაში, ეს ხელისუფლება არასწორად დალაგებული პრიორიტეტებით, არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკით და ასე შემდეგ, მართლაც მიიყვანს ჩვენს სახელმწიფოს დაშლისკენ და ამის ნიშნები უკვე ჩანს. გარდა ამერიკელი პროფესორებისა, ქართველი ექსპერტებიც წინასწარმეტყველებენ, რომ გაზაფხულზე სოციალური დაძაბულობის მაქსიმალური პიკი იქნება. ასეთი გაჭირვებული ოზურგეთი ჩვენს თაობას არ ახსოვს. გურია კატასტროფული ტემპებით მიექანება მე-20 საუკუნის დასაწყისისკენ, რაც ამ ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო თემურ, არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს პროცესები ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აწყობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ეს რომ გამართლდეს, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა შედეგს მივიღებთ?
_ ჩვენ ხომ არაადეკვატური, არაცივილიზებულად მოაზროვნე ხელისუფლება გვყავს. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ამ პროცესებიდან გამორჩენის მიღება სურდეთ _ შეინარჩუნონ არსებული ძალაუფლება. მაგრამ სოციალური აფეთქება ისეთი ფენომენია, რომ არ მგონია (ღმერთმა ნუ ქნას, სოციალური აფეთქება მოხდეს), ასეთ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებამ შეძლოს პოზიციების გამყარება. ეს დაგვაბრუნებს ათეული წლების უკან. ამიტომ არ მინდა დავიჯერო, რომ სოციალური აფეთქებით და ბუნტით პოზიციების გამყარება სურთ. თუმცა, დავძენ, რა გათამაშებებს ჩაიფიქრებენ, ეს ჩვენთვის უცნობია.
“რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ როცა რომელიმე ქვეყანაში “ბუნტი” იწყება, ამას თავისი პირობები უძღვის წინ _ “ქვედა ფენას” აღარ სურს ასე ცხოვრება და “ზედა ფენას” აღარ შეუძლია მართვა: _ არ ვიცი, 2014 წელს რა იქნება, მაგრამ დღეს არავითარი ნიშანი არ არის საამისო. “ზედა ფენა” ძალიან “კარგად მართავს” ქვეყანას _ მან შეძლო საზოგადოების დაჩოქება, შექმნა განწყობა: “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”, “ქვეყნის მტერი,” “აგენტი” და ასე შემდეგ. ეს ბოლშევიკური მართვის კლასიკური მაგალითია (დღევანდელი “უმრავლესობა” ხომ ნეობოლშევიკები არიან?!). უფრო მკაცრები თუ ვერ არიან, ეს განაპირობა პრეტენზიამ “ევროპელობასა” და “ცივილიზებულობაზე”. ბოლშევიკებმა ორი ვაგონი ქართველობა დახვრიტეს “ცისფერსისხლიანობის” გამო და შემდეგ მტრად გამოაცხადეს, _ გვითხრა სუნგულიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილი დაშინებული იყო, ზოგს აწყობდა და “იჯერებდნენ” სხვების “მტრობას”. ახლაც ასეა, ნაწილი საქართველო დაშინებულია, ნაწილი კი ბინძურ საქმეშია გახვეული _ ეს ის ნაწილია, ღირსებაზე უარი რომ თქვეს:
_ საზოგადოების მდგომარეობა როგორია, ამის გასარკვევად ჩვენი ქალაქის ბოლო წლების ისტორიიდან ერთ-ერთ მაგალითს მოვიტან: 2007 წლის 7 ნოემბერს ტიფო მიქატაძე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს (თურმე, სამართალდამცავებს ფორმაზე ღილები ააწყვიტა. აღმოჩნდა, რომ პოლიციელის ქურთუკს ღილები საერთოდ არც ჰქონდა და ე.წ. “ზმეიკით” იკვრებოდა, მაგრამ მაინც დაუმორჩილებლობისთვის მიუსაჯეს) _ ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო. ტიფო ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და საკრებულოს 38 დეპუტატიდან 36 დეპუტატს (ერთი ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე იყო), მათ შორის, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს სურვილიც არ გასჩენიათ ან პოლიციაში ან ოჯახში ეკითხათ მისი ამბავი. ეს ფაქტი იმიტომ მოვიყვანე, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ შიშის ფაქტორმა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ ელემენტარულ ადამიანურ ქმედებაზეც კი უარი ათქმევინა, მოვალეობასა და ღირსებაზე რომ არაფერი ვთქვა (სხვათაშორის, შემდგომ პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით). 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა უიარაღოდ და უპატრონოდ დაყრილი ჩვენი მეომრები, რეზერვისტები იხოცებოდნენ, რუსთაველზე კონცერტი მიმდინარეობდა და პრეზიდენტი ომში გამარჯვებას გვილოცავდა, _ ამბობს სუნგულია, _ მე ვფიქრობ, ჩვენ საქმე გვაქვს დიქტატთან და ჩვენი მდგომარეობა ძალიან მაგონებს არქიფო სეთურის სახელმწიფოს _ ჩვენც გვაქვს “იმედის ჭა”, რომელშიც “ნატოში” გაწევრიანება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა გამომწყვდეული.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან შემიძლია ერთი დასკვნის გაკეთება: შიგა რესურსებით “ბუნტზე” ლაპარაკი შეუძლებელია, ამისთვის რამდენიმე ფაქტორმა (სოციალურ-ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და ა.შ) უნდა მოიყაროს თავი. აგრეთვე, რაღაც გარე-ფაქტორი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ “ბუნტი” მოეწყოს. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან “ომი ყველაფერს ჩამოწერს” და ეძლევათ შანსი, ხელისუფლება მათ მემკვიდრეებს გადააბარონ ისე, როგორც ერთხელ უკვე მოხდა, _ ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
54 წლის დიასახლისი თამარ მ.: _ ბუნტი არ ვიცი, მაგრამ შიმშილობა რომ იქნება, ამაში დღითიდღე ვრწმუნდები.
67 წლის პენსიონერი ნინო კ: _ ბუნტით არაფერი შეიცვლება. სანუგეშოს კი ვერაფერს გვეუბნება ჩვენი ხელისუფლება. პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, კარგს რომ არაფერს მოიტანს, ნათელია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s