შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი January 28, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:15 pm

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2010 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებულ 2011 წლის ბიუჯეტში, ცვლილებები გასული კვირის ხუთშაბათს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შეიტანა. როგორც ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, მარტივად რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი არასწორად დაგეგმა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, ნაშთი 01.01.2011 წლისთვის 161 500 ლარს შეადგენს. მათ შორის, ადგილობრივი შემოსავლებიდან ნაშთი 159 689 ლარია, ტრანსფერების კი _ 1811 ლარი.
საკრებულომ გადაწყვიტა, ნაშთის სახით მიღებული შემოსავლებიდან დაფინანსდეს: მატერიალური დახმარება ბავშვის დაბადებისას _ 16 600 ლარი (120 ახალშობილის ერთჯერადი დახმარება. 2010 წლის დავალიანება); საგარანტიო მომსახურება _ 18 000 ლარი (2010 წელს გამგეობის მიერ, 141 ავადმყოფზე გაცემული იქნა საგარანტიო წერილი, რომელთა ანაზღაურება ხდებოდა ეტაპობრივად. 18 000 ლარით დაფინანსებისას ანაზღაურებული იქნება 42 ავადმყოფის საგარანტიო მომსახურება); ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა _ 3000 ლარი (ურეკის და გომისმთის განვითარების პროგრამები); წინა წლის სახელფასო დავალიანების დაფარვა _ 40 627 ლარი. სულ ხარჯი 161 500 ლარს შეადგენს.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის “2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” #46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლია ქათამიძემ 2010 წლის 14 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2010 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, 2010 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 103.8%-ით არის შესრულებული. მათ შორის, საწარმოთა ქონების გადასახადი შესრულებულია წლიური გეგმის 108%-ით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი _ 117.7%-ით, შემოსავალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის _ 159.2%-ით(?!). სულ დამატებით მიღებული შემოსავალი 320 000 ლარს შეადგენს. მიღებული შემოსავლებიდან, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 41 200 ლარით დაფინანსდა; სპორტული და კულტურული ღონისძიებები _ 153 700 ლარით; წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები _ 12 100 ლარით. ამას ემატება ადმინისტრაციული სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, სოფლის რწმუნებულების ხელფასები, ისევე, როგორც სპორტის ცენტრის ადმინისტრაციის ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი _ 17 360 ლარი.
მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ძალიან ხშირად უწევთ ცვლილებების შეტანა ბიუჯეტში, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად 2011 წლის ბიუჯეტზე, რათა სწორად დაიგეგმოს.
დეკემბერში რომ საუბრობთ ხელფასის დაფინანსებაზე, უხერხულია”, _ თქვა 14 დეკემბერს მამეშვილმა. თუმცა, ეს “უხერხულობა” მხოლოდ საკრებულოს 2011 წლის პირველ სხდომამდე გაგრძელდა.
“გურია ნიუსთან” საუბარში ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ სწორედ არასწორად დაგეგმვამ გამოიწვია ცვლილებების საჭიროება: _ გარდა ამისა, რამ გამოიწვია ხელფასების გაუცემლობა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, გაურკვეველი რჩება. მხედველობაში მაქვს შესრულების მაღალი მაჩვენებლები _ 103,8%. ამ ვითარებაში არანაირად არ უნდა დარჩენილიყვნენ ადამიანები ხელფასების გარეშე წინასაახალწლოდ. უფრო მეტიც, ზოგიერთ სამსახურს ნოემბერ-დეკემბრის ხელფასებიც კი არ აქვთ მიღებული, _ გვითხრა მან.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გაცილებით სამართლიანად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, კერძოდ მუნიციპალიტეტის ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასს გარდა, პრემიები აქვთ მიღებული, ზოგიერთს კი დღემდე გასული წლის თვეების კუთვნილი ხელფასიც არ მიუღია(?!): _ თანამშრომლების ასეთი გამორჩევა, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია და მათი უფლებების დარღვევაა. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მსგავს ვალდებულებას ხელფასების დროულად გაუცემლობის გამო, ბიუჯეტის ცვლილება არ მოიცავს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს მუნიციპალიტეტის უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლების უფლებებს, _ თქვა ჩხაიძემ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s