შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

შედის თუ არა დაპირისპირება ახალ ფაზაში January 15, 2011

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:28 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი


ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ გურია ახალი სკანდალების მოლოდინშია და მალე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია პრეზიდენტის ფავორიტი და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მეგობარი, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, გურიის ყოფილი გუბერნატორი რამაზ ნიკოლაიშვილი. ამ ეტაპზე განვითარებული მოვლენები, აშკარად ნიკოლაიშვილის ძლიერ გავლენაზე მეტყველებს. თუმცა, საინტერესოა, რა ფაქტებს დადებს მერაბიშვილი თავისი კოლეგის “რჩეულების” წინააღმდეგ.
ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ მერაბიშვილმა ისე გახსნა ურეკის პოლიციის ახალი განყოფილება, გურიის ადგილობრივი ხელისუფლებისგან არავინ მიუპატიჟნია. ძალოვანი მინისტრი ანალოგიურად მოიქცა წყალწმინდის პოლიციის განყოფილების გახსნის დროსაც.
ურეკის პოლიციის ახალაშენებული განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს გახსნა. ოფიციალურ ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი ესწრებოდა. შენობაში ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილებები განთავსდება.
10 იანვარს, სამეგრელოს რეგიონში მარტვილის პოლიციის სამმართველოს ახალაშენებული გამჭვირვალე შენობა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ შენობის გახსნას მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია ესწრებოდნენ.
“მსგავსად სხვა განყოფილებებისა, აღნიშნული შენობები გამჭვირვალეა არამარტო ფასადით, არამედ თავისი საქმიანობით”, _ ირწმუნება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ურეკის პოლიციის ახალი შენობის გახსნაზე არ მიუწვევიათ გურიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის, რომ 10 იანვარს მერაბიშვილის გვერდით არ იმყოფებოდნენ გურიის ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული.
წყაროს თქმით, მერაბიშვილი ნიკოლაიშვილის კადრებს არ “ცნობს” და შესაბამისად, არც პატივს სცემს. ამის მიზეზი ამ ორ მინისტრს შორის არსებული დაპირისპირებაა, რაც კიდევ უფრო გააღრმავა გასულ წელს საქართველოში გახმაურებულმა ე.წ. ბახმაროს სკანდალმა _ ამ სკანდალს მერაბიშვილის უწყების ოცამდე მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა, ნიკოლაიშვილის ფავორიტებმა კი სამსახურები შეინარჩუნეს. მაღალჩინოსანი პოლიციელების სახლში გაშვების შემდეგ, ჩვენი წყარო ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში, ბრძოლა ნიკოლაიშვილმა მოიგო, თუმცა ისიც დასძინა, რომ პოლიციის მუნდირის ასე საჯაროდ შელახვას, “ქვეყნის ხერხემალი და ყველაზე წარმატებული რეფორმების განმახორციელებელი მინისტრი”, არავის აპატიებდა და ამისთვის შესაბამის დროს ელოდება. წყარო ირწმუნება, რომ გურია ახალი სკანდალის მოლოდინშია და მალე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია პრეზიდენტის ფავორიტი და იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის მეგობარი, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი. თუმცა, ამ ეტაპზე ფაქტები აშკარად ნიკოლაიშვილის ძლიერ გავლენაზე მეტყველებენ. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა 10 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მერაბიშვილის ვიზიტმა.
“გურია ნიუსს” გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ “რასაკვირველია, საქმის კურსში იყო გუბერნატორი, მაგრამ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ვერ დაესწრო ურეკის პოლიციის განყოფილების გახსნის ცერემონიალს”.
ასევე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი 10 იანვარს სამუშაო საათებში ოზურგეთიდან არ გასულა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მაღალჩინოსნები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციის გახსნის ცერემონიალს არ დასწრებია. ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა მიწვეული ალეკო მამეშვილი ურეკის პოლიციის გახსნის ცერემონიალზე, პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
“გურია ნიუსი” წერდა, რომ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ბახმაროთი იყო დაინტერესებული. თუმცა, ბახმაროს მიწების საკითხი გამოძიებამ 2 წლის შემდეგ წამოსწია და პოლიციელების უკანონო ქმედებები ამხილა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ოპოზიციის არგუმენტებს, რომ ამ ორ მინისტრს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შევიდა. ვანო მერაბიშვილი გასულ წელს “რუსთავი 2”-თან საუბარში ბახმაროს თემასაც შეეხო: _ ამ საკითხის ირგვლივ ბევრი საეჭვო გარემოებაა, _ დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა მაშინ ძალოვანმა მინისტრმა. იქედან გამომდინარე, რომ სხვა დანარჩენი მინისტრებისგან განსხვავებით, მერაბიშვილი ნაკლებ ურთიერთობს პრესასთან, მისი ეს განცხადებაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად ჩაითვალოს.
“გურია ნიუსთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინე სუნგულია ამბობდა, რომ გამოძიებას გურიის “მფარველზე” გასვლა სურს, გურიის მფარველად კი ნიკოლაიშვილი მოიაზრება.
თუმცა, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა და “დასჯილი”, თუ ამას დასჯა ჰქვია, მხოლოდ მერაბიშვილის ქვეშევრდომები აღმოჩნდნენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s