შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გაზეთ „გურია NEWS“-ის რედაქცია დაარბიეს October 30, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:02 am

2010 წლის 28 ოქტომბერს, გაზეთ „გურია NEWS“ ჩოხატაურის ოფისი დაარბიეს. გაზეთის რედაქციის ცნობით, ოფისში მისულ თანამშრომლებს მეტალოპლასტმასის ორმაგი ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. „პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ“, – აცხადებს გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთის რედაქციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ შენობას დაცვის სამსახური იცავს, ხოლო პოლიციის განყოფილება არც თუ დიდი მანძილითაა დაშორებული, დამნაშავეს არც არაფრის შიში ჰქონია და ხელიც არაფერს შეუშლია თავდასხმა განეხორციელებინა.

 

ეს ვანდალური ფაქტი წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას, რასაც ხშირად აქვს ადგილი გურიაში საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებისადმი მუქარის, შეურაცხყოფის სახით. როგორც ჩანს, მწვავე პუბლიკაციები, ჟურნალისტური მოკვლევები, რომლებიც ამხელენ გურიაში კორუფციის, მიწების დატაცების ფაქტებს, შესყიდვებსა და ტენდერებში არსებულ განუკითხავ მდგომარეობას, მწვავე რეაქციებს იწვევენ თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ ვაცხადებთ, გაზეთის არც ერთი თანამშრომლის ფიზიკური ხელშეუხებლობა და სიცოცხლე, ამგვარ გარემოში დაცული არ არის!

 

გაზეთს, ჟურნალისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს საჯარო ინფორმაციის მასიური დაბლოკვა, მისი გამოთხოვისთვის დღითიდღე გაზრდილი გადასახადი – ერთი ჟურნალისტური მოკვლევის, სრულფასოვანი სტატიის მომზადება უკვე იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვერც ერთი მედიაორგანიზაცია, რაც არ უნდა გამართული მენეჯმენტი ჰქონდეს, ამ ტვირთს ვერ შეეჭიდება. უზარმაზარ ტვირთად გვაწევს სასამართლო პროცესებისთვის არსებული გადასასახადიც. ამას ემატება საჯარო მოხელეების ცინიკური დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, ამომრჩევლისადმი, როცა ისინი უარს აცხადებენ, ჟურნალისტს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე კომენტარი მისცენ.

 

აქამდე მომხდარ არც ერთ ფაქტზე (ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პირველი პირების მუქარები, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ სიუჟეტი ტელეეთერშიც იხილა, არჩევნების დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფა…) გამოძიება არ ჩატარებულა, ხოლო პროკურატურიდან დღემდე  სტანდარტულ პასუხებს ვიღებთ – „უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები საჯარო მოხელეთა ამ ქმედებებში -დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ“.

 

ამჯერად, სიტყვიერი მუქარა, რომელსაც სხვათაშორის, წინა დღითაც ჰქონდა ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის მხრიდან, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

 

გაზეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე, რომლებიც უმძიმეს პირობებში ახერხებენ მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული მასალების მიწოდებას, საფრთხეშია, საფრთხეშია მათი შვილების, ოჯახების წევრების სიცოცხლეც, რადგან დაუსჯელობისა და უფლებამოსილებების განუსაზღვრელი, უკონტროლო გადამეტების გამო, გურიაში საჯარო მოხელეები დღემდე კანონებს მიღმა დგანან! ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას უკვე მომხდარი ამაზრზენი ფაქტის ან მოსალოდნელი საფრთხის გამო, ვაკისრებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს.

 

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის გაიშვიათებული ჰაერის თითოეული ნამცეცი: ამოგვიდექით მხარში, რადგან ჩვენი მოთხოვნები მარტივია – მოვითხოვთ არსებობისთვის,  ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისთვის ელემენტარულ უსაფრთხოებას! მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას! მოვითხოვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას! მოვითხოვთ საჯარო მოხელეთა კანონმორჩილებას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე“, – ნათქვამია „გურია NEWS“ რედაქციის განცხადებაში.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გმობს გაზეთის რედაქციის დარბევის და ჟურალისტებზე ზეწოლის ფაქტებს, მხარს უჭერს „გურია NEWS“ – ის რედაქციას და მოუწოდებს სამართალდამცავებს, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დროულად ეფექტურად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და დაიცვან მათი სიცოცხლის უსაფრთხოება.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s