შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

`ოზურგეთში ლეგალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი სამართალდარღვევებით მიმდინარეობდა~ October 21, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:58 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

რამდენ შემთხვევაში აღიარა საკუთრების უფლება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ შექმნილმა კომისიამ, რა დარღვევებია ე.წ. ლეგალიზაციის პროცესში და ვინ დაიკანონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაკვეთები.
`გურია ნიუსმა~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, რათა მოეწოდებინა წინა მოწვევის საკრებულოში შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დღიდან მისი შექმნისა დღემდე დაკმაყოფილებული განცხადებების და მიღებული გადაწყვეტილებების ასლები.
საკრებულოდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ პირველი გადაწყვეტილება 2008 წლის 2 იანვარს (ოფიციალურად დადგენილ არასამუშაო დღეს?!) მიიღო და არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები ოთხ ფიზიკურ პირს დაუკანონა.
როგორც იურისტი აცხადებს, ერთი თვალის გადავლებით ირკვევა, რომ ოზურგეთში ლეგალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი სამართალდარღვევებით მიმდინარეობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 15 სექტემბერს #525 ბრძანებულება გამოსცა, რომელიც არეგულირებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესსა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცებას. გარდა პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ლეგალიზაციის კომისია ხელმძღვანელობს `ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ~ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ლეგალიზაციის კომისია ზემოთ აღნიშნულ კანონმდებლობასთან ერთად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ხელმძღვანელობს.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს
მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი განსაზღვრავს, რომ კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში.
აქედან გამომდინარე, ამჯერად ჩვენ მხოლოდ კომისიის მიერ კანონით დადგენილი ვადისა და ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევით მიღებული მხოლოდ რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ მოგითხრობთ.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 ქვეგანყოფილების თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ ლეგალიზაციის კომისიას ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩა #4-ში მდებარე ავტოფარეხისა და სათავსოს საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით 2008 წლის 2 მაისს მიმართა, მან 31.4 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარებისთვის 26 ლარი და 86 თეთრი გადაიხადა, აღნიშნულმა კომისიამ გადაწყვეტილება განცხადების მიღების დღესვე მიიღო და გიორგაძეს ავტოფარეხი და სათავსო საკუთრებაში გადასცა. იგივე ქუჩაზე მდებარე #14-ში მდებარე ავტოფარეხი თბილისში მცხოვრებმა ქეთევან თავაძემ და გურგენ პეტროსიანმა ავტოფარეხის დაკანონებისთვის ერთ კვადრატ მეტრ ფართობზე 7 ლარი და 49 თეთრი გადაიხადეს.
ხოლო ამავე დღესვე გადაეცა შპს `ბეთლემს~, გელა კობალაძეს არასასოფლო-სამეურნეო 1570 კვ.მ. მდებარე ლიხაურში მიკრო ჩაის ფაბრიკა, რისთვისაც კობალაძემ 348 ლარი და 89 თეთრი გადაიხადა. ამგვარად დაიკანონეს საკუთრებაში იმავე დღესვე ნაკვეთები შოთა ანდღულაძემ და ოლია შანიძემ.
2010 წლის 21 აპრილს ლეგალიზაციის კომისიას თბილისში მცხოვრებმა რევაზ ოთარაშვილმა ნატანებში ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით მიმართა. კომისიამც არ დააყოვნა და იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება ოთარაშვილის საკუთრებაში გადასულიყო განცხადებაში მითითებული მიწის ფართობი.
ლეგალიზაციის კომისიამ სულ 182 საკუთრების აღიარების მოწმობა გასცა, ამათგან ზემოთ ჩამოთვლილის იდენტური მაგალითები ბლომად არის.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებში, ერთი თვალის გადავლებითაც, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და განსაკუთრებული ჩაღრმავების გარეშეც, ცალსახად ნათელია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეში დარღვევით იქნა მიღებული; უფრო მეტიც, ამ კონკრეტულ შემთხვევებში კომისიას ადმინისტრაციული წარმოება არც განუხორციელებია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ, კანონის თანახმად, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს ორი თვის ვადაში. ამასთან, განცხადების მიღების (რეგისტრაციის) მომენტიდან იგი ვალდებულია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც წესი, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომისია ელემენტარულად ვალდებულია ორი სამუშაო დღით ადრე საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. ამას ემატება ისიც, რომ კომისია ვალდებულია ადგილზე დაათვალიეროს უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი; ანუ მან ყოველმხრივ, არსებითად და სრულად უნდა შეისწავლოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოება და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ლეგალიზაციის კომისიამ აშკარად უხეშად დაარღვია კანონის სავალდებულო მოთხოვნები, როცა მან დაინტერესებული პირის განცხადება მისი მიღების (რეგისტრაციის) დღესვე (პრაქტიკულად, ერთსა და იმავე დღეს) განიხილა და დააკმაყოფილა. ეს `შესაშური~ (მაგრამ, კანონის თანახმად, ყოვლად დაუშვებელი) `ოპერატიულობა~, ნამეტარი მსუბუქად თუ არ გამოგვივა ნათქვამი, აშკარად კომისიის არაპროფესიონალიზმზე (და არა მარტო მასზე) მიუთითებს. გადაწყვეტილების მიღებისას მან, საერთოდ, უგულვებელყო (არ განახორციელა) ადმინისტრაციული წარმოება. არადა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ლეგალიზაციის კომისიის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს) მომზადება ან გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ამ აქტის ბათილობის საფუძველია (იხ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხ. 601, ნაწ. 1 და 2). შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე დამდგარი შედეგები ბათილად უნდა იქნას მიჩნეული და გამოცხადებული. ის, რომ დღეს ასეთი შემაშფოთებელი სურათი გვაქვს ხელთ, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულო ვერ იდგა თავის სიმაღლეზე და სათანადო კონტროლს ვერ უწევდა (ისე კი, საკითხავია, საერთოდ, უწევდა კი) მისი ამ, მნიშვნელოვანი კომისიის საქმიანობას. ასე რომ, სანამ გვიანი არ არის, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის, პირველყოვლისა, ლეგალიზაციის კომისიის ახალი შემადგენლობა და ახალი მოწვევის საკრებულო, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ლეგალიზაციის კომისიის მიერ 2008-2010 წლებში განხორციელებული საქმიანობით და კანონის შესაბამისად იმოქმედოს, რამეთუ არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა კომისიის საქმიანობაში არცთუ მთლად უმნიშვნელო სამართალდარღვევების ნიშნების არსებობის თაობაზე~, _ გვითხრა ირაკლი პაპავამ.
ლეგალიზაციის კომისიის ყოფილ და ახალი მოწვევის საკრებულოს სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან გირკელიძესთან `გურია ნიუსს~ შეკითხვები აქვს, თუმცა მისი ნახვა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ის მის სამუშაო კაბინეტში არ იმყოფებოდა. სატელეფონო საუბარში გირკელიძემ გვითხრა, რომ ის ჩვენს კითხვებს აუცილებლად უპასუხებს და სამსახურში არყოფნა ჯანმრთელობის გაუარესებით ახსნა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის საქმიანობას პროკურატურაც იკვლევს.
`ისე გამოიძიებს მაგას პროკურატურა, როგორც ბახმაროს მიწების შემთხვევაში. სახლში მხოლოდ ის ე.წ. არჩევითი დამნაშავეები გაუშვეს, ვინც თვალში არ მოდიოდათ. თორემ ბევრი საჯარო მოხელე, რომელიც ბახმაროს მიწების სკანდალში ფიგურირებს, ისევ თავის ადგილზე მუშაობს და სავარაუდოდ არც დაისჯება~, _ გვითხრა წყარომ.
`გურია ნიუსი~ ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის პასუხებს უახლოეს ნომერში მოგაწვდით, ისევე, როგორც ლეგალიზაციის პროცესში არსებულ დარღვევებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s