შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გახდება თუ არა გელა ომანიძე გურიის გუბერნატორი September 23, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 5:00 am

სამხარეო ადმინისტრაციაში ომანიძეს გუბერნატორობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევენ

შორენა ღლონტი

ოპოზიციის რიგებში დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველოს ხერხემალს, ვარდების რევოლუციის ყველაზე წარმატებულ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ასევე ქვეყნის პრეზიდენტის ფავორიტს რამაზ ნიკოლაიშვილს შორის დაპირისპირებაა. ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ბახმაროთი იყო დაინტერესებული. თუმცა, ბახმაროს მიწების საკითხით გამოძიება 2 წლის შემდეგ დაინტერესდა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ოპოზიციის არგუმენტებს, რომ ამ ორ მინისტრს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შევიდა.
`გურია ნიუსთან~ საუბარში რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია ამბობდა, რომ გამოძიებას გურიის `მფარველზე~ გასვლა სურს. გურიის მფარველად კი ნიკოლაიშვილი მოიაზრება.
ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი სექტემბრის ბოლოს თანამდებობას დატოვებდა, დააწინაურებდნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პორტფელს ჩააბარებდნენ. დღეს მის დაწინაურებაზე აღარავინ საუბრობს. მაგრამ ის, რომ გურიას ახლო მომავალში ახალი გუბერნატორი ეყოლება, ამას არც სამხარეო ადმინისტრაციის კულუარებში უარყოფენ.
გასული კვირის პარასკევს, პროკურატურასთან, დასაკითხ ჩინოვნიკთა რიგებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ გუბერნატორს ქორწილს აცლიან და მისი წასვლა უკვე გადაწყვეტილიაო (ოზურგეთის რაიონული პროკურორი ილია ჯალაღანია ქორწილში არ ყოფილა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილების ახალ ხელმძღვანელს კი უხუმრია, ამათ რა ექეიფებათო). უკვე სახელდება ჩიტაიშვილის სავარაუდო შემცვლელები.
როგორც წყარო ამბობს, გააჩნია, ორი მინისტრის ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს. ის, რომ ნიკოლაიშვილის კადრების სახლში გაშვება იწყება, ალბათ, რაღაცის მიმანიშნებელია. წყარო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ გუბერნატორის სავარძელს გია გოგუაძე დაიკავებს, მაშინ ნიკოლაიშვილმა გაიტანა თავისი, თუმცა, ამის დასაბუთებით თქმა ჯერჯერობით ყველას უჭირს ან თავს იკავებენ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ სტატიაზე მუშაობის დროს ინფორმაცია მივიღეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდაო.
ნიკოლაიშვილს, რომ ძალაუფლება ჩამოართვეს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საგზაო დეპარტამენტში მუშაობის დროს ასეულ მილიონთან ჰქონდა შეხება, ახლა კი მისი სამინისტროს ბიუჯეტი საგზაო დეპარტამენტისას საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა მის სამინისტროს დაქვემდებარებში რჩება საგზაო დეპარტამენტი.
გურიის მომავალ გუბერნატორად თბილისის საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატი, გურიის სატყეო სამმართველოს ყოფილი უფროსი გელა ომანიძე და ნიკოლაიშვილის ახლობელი, ასევე გასულ საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაბმული, დავით სირაძე სახელდებიან. ზოგი ამბობს, რომ ომანიძე მერაბიშვილის კადრია, ზოგიც კი საპირისპიროს ამტკიცებს.
გუბერნატორობის სავარაუდო, ე.წ. მარადმწვანე კანდიდატი გელა ომანიძე `გურია ნიუსთან~ საუბარში ადასტურებს, რომ არის საუბრები მისი შესაძლო გაგუბერნატორებისა.
`ახლა კომისიის სხდომაზე ვარ, ბევრი სამუშაო მაქვს. თუმცა, გეტყვით, რომ თუ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ვიყო გურიის გუბერნატორი, მზად ვარ, როგორც ქვეყნის ჯარისკაცი, შევასრულო ეს სახელმწიფოებრივი მისია.~ გვითხრა კომისიის სხდომაზე მყოფმა ომანიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე დასახელებულ კანდიდატთა შორის ყველაზე რეალური ომანიძეა.
მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძე `გურია ნიუსთან~ საუბარში ამბობს, საქართველოში რომ კორუფციაა და არ აღმოფხვრილა, ამას გურიაში ბოლოდროინდელი ფაქტებიც ადასტურებს.
`როცა ხმას ვიმაღლებ ამა თუ იმ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების უმრავლესობას ეღიმება. ოპოზიციას რომ მოეთხოვა ბახმაროს მიწების საკითხის შესწავლა, ყურად არავინ იღებდა, პირიქით, შესაძლო იყო ჩვენს მიერ დასახელებული ადამიანები დაეწინაურებინათ კიდეც~, _ამბობს ნაცვალაძე.
ის მიიჩნევს, რომ რაც ახლა გურიაში ხდება, ორ კლანს შორის ბრძოლის გაგრძელებისა და დაპირისპირების ნათელი მაგალითია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, როცა გურიის გუბერნატორად რამაზ ნიკოლაიშვილი დაინიშნა და არჩევნების მოსაგებად 10 მილიონი ლარი ჩამოიტანა. ამ მილიონების ხარჯვის შესახებ ადეიშვილისა და მერაბიშვილის უწყება, ბუნებრივია, საქმის კურსში იქნებოდა. ამის შემდეგ ბევრმა ჩინოსანმა მიწები შეიძინა, ფეშენებელური აგარაკების მშენებლობა და ძვირადღირებული ავტომობილების ყიდვა დაიწყო. ამასთანავე, დღითიდღე იზრდებოდა ნიკოლაიშვილის ინტერესები ჩვენი რეგიონისადმი. მან მის შემცვლელად ის ადამიანები დატოვა, ვინც ამ მილიონების ამოსაღებად იმუშავებდა. ნიკოლაიშვილს მორიგი გამოცდა ჩაუტარეს მეორე არჩევნების სახით, რომელიც მან ჩააბარა (ყველამ ვიცით, როგორ). მედლებიც მიიღო და მინისტრის პორტფელიც ჩაიბარა, თუმცა, ჩემი აზრით ეს იყო მხოლოდ რანგით დაწინაურება, თორემ ის სინამდვილეში მილიონებს ჩამოაშორეს, ყველაზე მცირებიუჯეტიანი სამინიტრო ჩააბარეს და მკაცრ კონტროლზეც აიყვანეს. თუ ვინ დგას დაპირისპირების მხარეს _ ადეიშვილი, მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, ფაქტი ერთია, ნაციონალური მოძრაობის ერთი კლანი მეორეს უპირისპირდება, ჩემთვის მთავარი არ არის, ამათ შორის რომელი გაიმარჯვებს, ჩემთვის მთავარია, საზოგადოებამ დაინახოს, როგორი ხელისუფლება ჰყავს, ვინ აირჩია და ვის დაუჭირა მხარი~, _ ამგვარ ანალიზს გვთავაზობს ლელა ნაცვალაძე.
`გურია ნიუსი~ შეეცადა რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრს დაკავშირებოდა, თუმცა ნიკოლაიშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s