შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ისევ 2 მილიონი ლარის ქონების შესახებ September 20, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 6:32 am

შორენა ღლონტი
ვერა ქობალიას უწყებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება უსასყიდლოდ გადასცა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, კონტროლის პალატა აუცილებლად დასვამს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს.
`რაც შეეხება საკრებულოს მხრიდან მოყვანილ არგუმენტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ძალიან სუსტია. ჯერ ერთი მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებში არ შედის (ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა), და მეორე შესაძლებელი იყო აღნიშნული ქონება თვითონ გაესხვისებინა თუნდაც შპს `სოკარ ჯორჯია გაზის” სასარგებლოდ და ამით თავისი საბიუჯეტო სახსრები გაეზარდა~, _ გვითხრა თვითმმართველობის ექსპერტმა ოთარ კონჯარიამ.

`მე არანაირი წერილობითი ან სიტყვიერი პირობა არ მიმიღია ეკონომიკის სამინისტროდან. გამგეობის გადასაწყვეტი არ არის ქონების გასხვისება ან მიტოვება, ამ პროცესებზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს~, _ აცხადებს `გურია ნიუსთან~ საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.
ტაკიძეს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც რედაქციაში ჩვენი გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას `ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2 მილიონნახევარი ლარის ქონება ქობალიას უწყებას აჩუქა~ საკრებულოს მხრიდან საპასუხო წერილი მოჰყვა.
წერილში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება აგზავნის, აღნიშნულია, რომ
`მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მას წარდგინებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება უმოკლეს ვადაში პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემოდა შ.პ.ს. `სოკარ ჯორჯია გაზს~, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ზემოაღნიშნული სამინისტროს რეკომენდაციით, მითითებულ ქონებაზე მიატოვა საკუთრების უფლება მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნული კომპანია განახორციელებდა რეგიონში (როგორც ქალაქში ასევე სოფლებსა და დაბებში) ბუნებრივი აირით მომარაგების უკეთ უზრუნველყოფასა და შესაბამის დარგში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მოახდინა მის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლების მიტოვება ქალაქის და შესაბამისად სოფლებისა და დაბების სრულყოფილად გაზიფიცირებისათვის და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნისათვის. გამომდინარე აქედან ამ ქმედებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი არ აქვს~.
ამის შემდეგ ბუნებრივია, ჩვენ იმ პირობით დავინტერესდით რომელზეც საკრებულო ამახვილებს ყურადღებას, თუმცა როცა წერილობითი შეთანხმება, მოვითხოვეთ გვითხრეს, რომ ეს წერილი გამგეობის კანცელარიაში უნდა მოგვეპოვებინა.
(როცა საკრებულო მილიონი ლარის ღირებულ ქონებას ასხვისებს ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვებს, მას სულ მცირე ყველა სახის დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს შენახული.) საკრებულომ გამგეობაში გადაგვამისამართა, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ გვითხრა, რომ არანაირი წერილობითი ან სიტყვიერი პირობა არ მიუღია ეკონომიკის სამინისტროდან, გამგეობის გადასაწყვეტი არ არის ქონების გასხვისება ან მიტოვება, ამ პროცესებზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს.
მისივე თქმით, გამგეობამ ეკონომიკის სამინისტროდან მხოლოდ წერილი მიიღო, რომელიც საკრებულოში შეიტანა.
`საკრებულოს კონპეტენციაა ქონების მიტოვება, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ის ქონებაა, რომელსაც ვერავინ ვერსად წაიღებს~, _ გვითხრა ტაკიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს განუცხადებია, რომ ჩვენს წერილში მოყვანილი ექსპერტების არგუმენტები და მოსაზრებები არაკომპეტენტური ყოფილა და `გურია ნიუსს~ საპასუხო წერილი არ დაუბეჭდავს. როცა მუნიციპალიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის წერილობითი ფორმის შეთანხმების ძიებაში ვიყავით, საკრებულოდან დარეკეს, საპასუხო წერილის გამოქვეყნება აღარ გვსურსო. გული რომ არ დაწყდეთ საკრებულოს წევრებს ჩვენ მათ მიერ მომზადებულ საპასუხო წერილსაც ვაქვეყნებთ და ჩვენს მიერ მოპოვებულ კომენტარებსაც ვურთავთ.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ გვითხრა, საკრებულოს, ისე როგორც ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ამ შემთხვევაშიც უნდა ეხელმძღვანლა იმით, თუ რა სარგებელი მოაქვს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისმა კომისიამ დასკვნაში უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა სოციალურ, ეკონომიკურ და კონსტიტუციურ უფლებათა ჭრილში. რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი მტკიცებულება.
ეკონომიკის ექსპერტს დავით ნარმანიას არ ეეჭვება მისი და მისი კოლეგის კომპეტენტურობა.
და აღნიშნავს, რომ საკრებულომ ეს განცხადება მხოლოდ თავის დაცვის მიზნით გააკეთა, თორემ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობის კანონის თანახმად, როცა მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემს ქონებას კონპენსაცია უნდა მიიღოს.
`მუნიციპალიტეტს არ უნდა მიეღო ქონების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მან დაკარგა პოტენციური შემოსავალი ბიუჯეტისა და თავის ამომრჩევლების სასარგებლოდ, როცა შემოვა კონტროლის პალატა აუცილებლად დააყენებს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს~, _ გვითხრა დავით ნარმანიამ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s