შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

გაპიარებული ატესტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო September 15, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 10:17 am


შორენა ღლონტი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ერთი ხელის მოსმით, დამტკიცებული საჯარო მოხელეთა ატესტაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც, ერთი ხელის მოსმით, გაურკვეველი ვადით გადადო. როდის ჩატარდება ან, საერთოდ, ჩატარდება თუ არა ატესტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, კონკრეტულ პასუხს ვერავინ გვაძლევს, ისიც გაურკვეველია, როდის გაუშვებენ `არასასურველ კადრებს~ სახლებში.
`საბოლოოდ საკონკურსო ტესტები აშკარა დახვეწას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტირების შედეგები გასაჩივრებისა და გაბათილების ნიადაგს ქმნის, რის გამოც მან, შესაძლებელია, დაკარგოს ის ხიბლი, რაც ოზურგეთის მუნიციპალურ სამსახურებში პროფესიონალი კადრების მოზიდვას გულისხმობს~, _ აცხადებდა `გურია ნიუსთან~ საუბარში საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე.

ზუსტად ერთი თვის წინ, 12 აგვისტოს, ჩვენს წყაროზე დაყრდნობით, ვწერდით, რომ ატესტაცია მუნიციპალიტეტების გამგეობებში, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიდოს ან სულაც არ ჩატარდეს. თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია ოფიციოზებმა კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ ატესტაცია 11- 12 სექტემბერს აუცილებლად ჩატარდებოდა.
მაშინ ჩვენი წყარო ირწმუნებოდა, რომ ტესტირების გამო გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საყვედური რეგიონული მართვისა და განვითარების მინისტრის, გურიის ყოფილი გუბერნატორისგან, რამაზ ნიკოლაიშვილისგან მიიღო, თუმცა ნიკოლაიშვილმა, არც მაშინ უპასუხა `გურია ნიუსის~ ზარებს და არც ახლა დაარღვია დუმილი.
მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეები კულუარებში დაუსრულებლად საუბრობდნენ ატესტაციის არაკანონიერებაზე, ტესტებში უამრავ შეცდომაზე, რომელსაც არასამთავრობოებიც აღიარებენ, მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ასე კარგად გაპიარებული საჯარო მოხელეთა კომპეტენტურობის გამოსაცდელად დანიშნული ე.წ. გამოცდები გადაიდო და ამის მიზეზი უკრაინაში ხერსონის ოლქში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე გურიიდან დელეგაციის, დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე, გამგზავრება ყოფილა, _ ირწმუნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი.
_ ბატონო ალეკო, რა არის ტესტირების გადადების მიზეზი და, სავარაუდოდ, როდის იგეგმება მისი ჩატარება?
_ საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ატესტაციადაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებთან ერთად გულდასმით შეისწავლა ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. პირადად ჩემი ინიციატივით გაიმართა შეხვედრები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, რათა უშუალოდ გამეგო მათი მოსაზრებები პროცედურებთან და თავად ტესტებთან დაკავშირებით. შეიძლება გამოვყოთ ატესტაციის გადადების რამდენიმე ობიექტური გარემოება: უკრაინის ხერსონის ოლქში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე გურიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ჩემი ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი კოლეგები, დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის მხარემ ახლახანს გვაცნობა; ვადების შეცვლამ გავლენა იქონია ატესტაციის ჩატარებაზე; კომისიაში 17 ინდივიდუალური თუ სამსახურების ერთობლივი განცხადება შემოვიდა. მათ შორის უმეტესობა ტესტირების გადავადების შესახებ: როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს სამხედრო გაწვევები, რაც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის სრულ მობილიზაციას მოითხოვს, გადატვირთული გრაფიკი აქვს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურსაც, რადგან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება ვაჭრობისა და ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის. კომისიამ მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ატესტაციას დაქვემდებარებულ 18 მოხელეს გადაედო ატესტაცია. შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების გადადება. ატესტაციის ჩატარების შესახებ თანამშრომლებს დროულად ვაცნობებთ.
_ თქვენ აცხადებდით, რომ ტესტირება არ გადაიდებოდა და იგი აუცილებლად ჩატარდებოდა 11-12 სექტემბერს. ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებები უხვად დაარიგა და მას შემდეგ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა, ფაქტია, მაგრამ რა დავარქვათ იმას, როცა საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტესტირება არ გადაიდება და შემდეგ აღარ ტარდება? ამის შემდეგ რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი არჩეულებს?
_ ატესტაციის გადადების შესახებ უკვე გითხარით, ეს პროცესი არანაირად არ უკავშირდება წინასარჩევნო დაპირებებს, რომელთა შეუსრულებლობაზე თქვენი მხრიდან საუბარი საკამათოა. ხოლო რაც შეეხება გაკეთებულ საქმეებს, გადაწყვეტილი მაქვს ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, და ახალარჩეული საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის 100 დღის ანგარიშით წარვდგე ამომრჩევლების წინაშე და დეტალური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას.
_ ჩვენ ვწერდით, ჩვენს წყაროზე დაყრდნობით, ერთი თვის წინ, რომ ტესტირება გარკვეული ვადით გადაიდებოდა და ამის მიზეზი ზემოდან მოსული დირექტივა იყო, თუმცა თქვენ ეს უარყავით და განაცხადეთ, რომ ეს არ მოხდებოდა და ტესტირება აუცილებლად ჩატარდებოდა.
_ ატესტაციის გადავადების ობიექტურ გარემოებებზე უკვე გითხარით…
– ასევე მინდა გკითხოთ, რატომ შედგა ტესტები უკვე ძალადაკარგული კანონის თანახმად და ხომ არ ფიქრობთ, ვინც ეს ტესტები შეადგინა, პირველ რიგში, ის ექვემდებარება ტესტირებას, უხეშად რომ ვთქვათ, სახლში გაშვებას?
_ უშუალო შეხვედრების ფორმატით თანამშრომლობის შედეგია ის, რომ გამგეობის რამდენიმე სამსახურმა წარმოადგინა მოსაზრება გამოქვეყნებულ ტესტებში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებზე, ფაქტობრივად 550 ტესტიდან სადღაც 18-20 საკითხი საჭიროებდა შესწორებას. რაც გახდა კიდეც საატესტაციო კომისიის განხილვის საგანი და ასეთი სახის ტესტი არანაირად არ შეხვდება საჯარო მოსამსახურეს ტესტირების დროს.
_ ასევე ამბობენ, რომ ტესტირება გარკვეული პიროვნებების სახლში გასაშვებად დაგჭირდათ და უკვე არსებობს სია, ვინ შეინარჩუნებს სამსახურს და ვინ წავა სახლში.
_ ატესტაცია არ ემსახურება ვინმეს პიროვნულ დევნას ან თავიდან მოშორებას. მიმართულია იმისკენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ჰყავდეს კვალიფიციური საჯარო მოხელეები. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია, ტესტების ელექტრონული ვერსიაც კი. ეს იყო ღია, ცოცხალი და დინამიკური ურთიერთობა, რამაც ნაწილობრივ საშუალება მომცა, გამეგო მოხელეების სამსახურებრივი უნარ-ჩვევები, გამერკვია მათი პროფესიონალიზმის დონე. თითოეული მათგანი არის აქტიური, ენერგიული და მოწადინებული ტესტირების დროს თავისი თავის წარმოჩენისთვის. ეს მათთან საუბრის დროს გამოჩნდა.
_ საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს და გუბერნატორს რამაზ ნიკოლაიშვილი მართავს და მის მითითებებს ჩამოთვლილი მაღალჩინოსნები დღემდე ასრულებენ.
_ ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიმაჩნია, _ გვითხრა მამეშვილმა.
ერთადერთი საჯარო მოხელე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გურამ ბერძენიშვილი მწვავე განცხადებების გაკეთებას და საატესტაციო კომისიის საქმიანობის გაკრიტიკებას არ მორიდებია და ღიად აფიქსირებთა თავის მოსაზრებას. იგი ამბობს, რომ არ დასწრებია საატესტაციო კომისიის წევრებთან გამართულ შეხევედრას, სადაც ტესტირების გადადებაზე გაკეთდა განცხადება.
`ვფიქრობ, რომ მამეშვილმა ერთადერთი და სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ ე.წ. ატესტაცია ამ ეტაპზე შეჩერებულიყო. ამ ნაბიჯის გადადგმის გამართლებისთვის საჭირო არგუმენტების ძებნა აუცილებელი არ არის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ატესტაცია არ ჩატარდა, მას გარკვეული დადებითი შედეგებიც ჰქონდა _ თანამშრომლები იძულების წესით ვალდებული გახდნენ ერთხელ კიდევ ჩაეხედათ კანონმდებლობაში~, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გახარებული თანამშრომლები, რომლებიც ბოლო თვეებია, როგორც შინაგანად, ისე კულუარებში აპროტესტებდნენ ატესტაცაციის ჩატარებას, დღეს `გურია ნიუსის~ შეკითხვაზე თუ რა მოხდა თათბირზე, სადაც ცნობილი გახდა ატესტაციის გადადება, ამბობენ, `ახლა, როგორ ვიტყვით რამეს, მთავარია, ატესტაცია დადგენილ ვადებში აღარ ტარდება~, _ გვითხრეს გამგეობის თანამშრომლებმა.
იურისტ ირაკლი პაპავას განცხადებით, `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ და ცალსახად ადგენს, რომ მოხელე 3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად ექვემდებარება ატესტირებას. ეს კი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს იმ მოხელის ატესტირება, რომელიც თავის სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. ეს ხელმძღვანელის კანონისმიერი ვალდებულებაა და არა ვინმეს ახირება ან კაპრიზი. რაც შეეხება ატესტირების მიზანს, ის დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების შესაბამისობის შეფასებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა ე.წ. `არასასურველი კადრების~ სახლში გაშვებას; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ატესტაციის პროცესი უმტკივნეულო და ბოლომდე მიყვანილი. დაველოდოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოვლენების შემდგომ განვითარებას. თუკი უკვე ყბადაღებულად ქცეული მოხელეთა ატესტაცია, მართლაც, არ ჩატარდა და, როგორც იტყვიან, `ჩაილურის წყლის დასალევად~ აღმოჩნდა განწირული, ეს ნათელი დადასტურება იქნება იმისა, რომ ატესტირება მხოლოდ და მხოლოდ შირმა იყო და იგი სინამდვილეში სულ სხვა ქვემიზანს _ `არასასურველი კადრების~ სახლში გაშვებასა და მათ ხარჯზე `სასურველი კადრებისთვის~ სასურველი ვაკანსიების შექმნასა თუ სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებას ემსახურებოდა. არადა, მოხელეთა ატესტირება რომ უალტერნატივო და აუცილებელია, ესეც ფაქტია; ფაქტია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ, მაგალითად, გამგეობის კანცელარიაში კონკრეტული (წესითა და რიგით, ე. წ. `მზა~ ფორმით არსებული) დოკუმენტის ასლის გამოთხოვისას ინფორმაციის მისაღებად წერილის ჩაბარებიდან მე-6 დღეს მისულს, პასუხისმგებელმა საჯარო მოსამსახურემ ლამის ჩხუბი არ დაგიწყოს, ჯერ ათდღიანი ვადა არ გასულა და ინფორმაციას რანაირად მთხოვო. იმედია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხელეთა ატესტირების პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და იგი კანონით გათვალისწინებული მიზნების ფარგლებში გახორციელდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s