შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

პოლიციის მიერ გახარჯული ათიათასები August 5, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:22 am

“ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი, არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია“

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

2010 წლის I-II კვარტალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დასაფინასებლად 89 879 ლარი და 35 თეთრი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ძირითადად კომუნალურ გადასახადებს, მონობარათების და საწვავის შეძენას მოხმარდა.
ამავე თანხიდან წელს გამჭვირვალე პოლიციის ოფისისთვის 1300 ლარის ღირებულების 372 ხელსაწმენდი ქაღალდი, 2500 ლარის ღირებულების 676 ცალი ტუალეტის ქაღალდი და 1200 ლარის ღირებულების 80 ცალი გამფრქვევი სუნამო შეიძინეს(?!).
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს გამჭვირვალე შენობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტს 16 858 ათასი ლარი და 15 თეთრი დაუჯდა. ამავე ოფისის განათება კი 9335 ლარი და 9 თეთრი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა სს `ოზურგეთი გაზის~ ანგარიშზე მიმდინარე წლის ექვს თვეშია ჩარიცხული.
როგორც სს `ოზურგეთიგაზის~ ხელმძღვანელმა არსენ ცინცაძემ `გურია ნიუსთან~ საუბარში განაცხადა, ორგანიზაციები მოხმარებულ ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს, ხოლო მოსახლეობა 50,5 თეთრს იხდის.
`2010 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პოლიციამ მოხმარებული 24 646 მეტრი კუბური გაზისთვის 20 463 ლარი გადმოგვირიცხა~, – გვითხრა არსენ ცინცაძემ.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი `გურია ნიუსთან~ საუბარში აცხადებს, პოლიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებისგან ფინანსდება, ხოლო კანონის შესაბამისად საკრებულოს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ.
`პოლიცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, სწორედ ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიციის დაფინანსების შესახებ. რაც შეეხება 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს, მისი შედგენისას განხილული იქნება ის რეკომენდაციები და წინადადებები, რაც პოლიციის დაფინანსებას შეეხება~, _ გვითხრა მექვაბიშვილმა.
როგორც `გურია ნიუსთან~ საუბარში საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე აცხადებს, საერთოდ, როდესაც ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების ვალდებულებებსა და კანონიერებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მანამდე უნდა განისაზღვროს კანონით თუ რომელს რა კომპეტენცია გააჩნია. პოლიცია განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო მმართველობას დაქვემდებარებულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში (`პოლიციის შესახებ~ საქართველოს კანონი) და შესაბამისად ამ ამოცანების შესრულებისთვის ყველა ხარჯი (მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური, შრომითი ანაზღაურება და სხვა) ცენტრალური ბიუჯეტიდან, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან უნდა იყოს დაფარული.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში და ამ კანონის მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია ორი ძირითადი სახის უფლებამოსილება _ საკუთარი და დელეგირებული. თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების სფეროში არ შედის პოლიციის დაფინანსება, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების გახორციელების დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ (მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადმოცემულ კომპეტენციასთან ერთად მისი შესრულებისთვის საჭირო თანხებიც უნდა მოაყოლოს. ანუ დელეგირებული უფლებამოსილებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებისაგან არ უნდა დაიხარჯოს.
`მართალია, დაფინანსების საკითხში `პოლიციის შესახებ~ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი გარკვეულწილ `სთხოვს~ ადგილობრივ ბიუჯეტს მათთვის ხარჯის გაწევას, მაგრამ ეს სწორედ ზემოაღნიშნული ფინანსური დელეგირებით უნდა გახორციელდეს, ანუ პოლიციის დაფინანსება მაინც სახელმწიფო და არა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე რეკომენდაციით მიმართა ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და იმედია შემდგომში ამ პრობლემას სათანადოდ მიექცევა ყურადღება, რადგანაც მიგვაჩნია რომ თვითმმართველობამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ხოლო პოლიციამ კი თავისი და ყველამ საკუთარი რესურსების ფარგლებში. ამასთან, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად პოლიციის როლი მნიშვნელოვანია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები ამ ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სტრუქტურების ხარჯზე~, _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.
ის მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი, არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s