შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება გააუქმა July 29, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 11:38 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ “გურია ნიუსის“ სარჩელი დააკმაყოფილა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება გააუქმა.
“სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ
წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად,
არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა
კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა
კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც მოჰყვა არასწორი
გადაწყვეტილების მიღება“, _ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განჩინებაში.
“გურია ნიუსმა“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საჯარო
ინფორმაციის მოთხოვნით, 2010 წლის 27 იანვარს მიმართა.
მიმართვიდან მეცხრე დღეს ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ
`…კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ხერხდება
საჯარო ინფორმაციის გაცემა, თვეების მიხედვით პირველადი ბუღალტრული
საქმეებიდან ხელშეკრულებების ამოღება, დოკუმენტაციის სიმრავლის
გამო. აღნიშნული ინფორმაცია მოგეწოდებათ დამატებით ერთი
თვის ვადაში“, _ ოფიციალურ წერილს ხელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე აწერს.
ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილი საჯარო
დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ გაცემას
ავალდებულებს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა საჯარო
ინფორმაციის მოთხოვაზე პასუხის გაცემა ათდღიან ვადას
საჭიროებს: ეს იმ შემთხვევაში თუ დასახლებულ პუნქტში
არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო
დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ
პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ან სხვა საჯარო
დაწესებულებასთან კონსულტაციას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განმცხადებელს დაუყონებლივ
აცნობოს, რომ ინფორმაციის გასაცემად ათდღიანი ვადა ესაჭიროება.
ვინაიდან აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან `გურია ნიუსმა~ კანონით
დადგენილ ვადებში ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია 2010 წლის 24
თებერვალს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და
მოითხოვა დავალებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს
ქმედების გახორციელება, ანუ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ:
`…სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოსარჩელე შორენა
ღლონტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გადასცა
ინფორმაცია წერილობითი სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით
მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ჯაბა ზერეკიძემ
დააზუსტეს მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ განმარტა,
რომ სასამართლო სხდომაზე მიღებული წერილობითი ინფორმაცია არ არის გაცემული და დამოწმებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 20-ე მუხლის შესაბამისად, არ შეესაბამება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნებს.
ამჯერად ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს გაცემულად. მოსარჩელე
მხარე ითხოვს გადაეცეს 2009 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
მიერ სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია
დამოწმებული სათანადო წესით, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
გამგეობის თანამშრომლებზე 2008 _2009 წლის განმავლობაში
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული პრემიების, სატელეფონო ბარათების
და მივლინებების ხარჯების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია
დამოწმებული სათანადო წესით. კერძოდ, ყოველი გვერდის
ხელმოწერას უფლებამოსილი პირის მიერ და ყოველ გვერდზე ბეჭდის
დასმას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია
არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის შესაბამისად გაცემულად~,
_აღნიშნულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის
განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე გიორგი ზვიადაძე აწერს.
აქვეა მოპასუხე მხარის წარმომადგენელის გულინა კუნჭულიას
განმარტება, რომ `მათ მიერ მხარეს გადაეცა მოთხოვნილი
ინფორმაცია სრული სახით. წერილობითი ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან
გაცემული თანხების და 2008-2009 წლის განმავლობაში გაცემული
პრემიების, სატელეფონო ბარათების და მივლინების ხარჯების შესახებ
გადაეცათ დედნის სახით მოთხოვნის შესაბამისაც და იგი არ
საჭიროებს დამოწმებას~.
`სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები,
შეისწავლა ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოდგენილი მასალები,
მიაჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ
გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის
შესაბამისად `ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია
მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და
აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა თუ იგი სხვადასხვა სახით
არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში~.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო
ინფორმაცია, კერძოდ 2009 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ
სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების შესახებ, ასევე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე 2008-
2009 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული
პრემიების, სატელეფონო ბარათების და მივლინების ხარჯების შესახებ
მხარეს გადაეცა წერილობითი ფორმით, დედნის სახით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის I
ნაწილის შესაბამისად `ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია
დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ
გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები
თუ დედანის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს~.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში
კანონმდებელი მიუთითებს და ითვალისწინებს ასლის და
არა დოკუმენტის დედნის დამოწმების უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს,
რომ მხარეს მოთხოვნილი ინფორმაცია გადაეცა კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით, კანონი არ ითვალისწინებს დედნის
დამოწმების უფლებამოსილებას, არათუ ვალდებულებას.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის
არგუმენტაციას, რომ ინფორმაცია 2009 წელს ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობზე 2008-2009 წლის
განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული პრემიების,
სატელეფონო ბარათების და მივლინების ხარჯების შესახებ არ შეიძლება
ჩაითვალოს გაცემულად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბ-ონმა გ.
ზვიადაძემ მიიჩნია აღნიშნული გარემოებები საკმარის საფუძვლად,
რათა დავის საგნის არ არსებობის გამო შეეწყვიტა საქმის
წარმოება. `გურია ნიუსმა~ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010
წლის 29 აპრილის განჩინება კანონის შესაბამის ვადაში ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
გაასაჩივრა.
`სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რაიონული სასამართლოს
დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ
არსებობდა დავის საგანი. დადგენილია და მხარეთა დავას არ
იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვისას
გადაეცა გარკვეული ინფორმაცია, რასაც არ მიიჩნევს სათანადო
ინფორმაციად, რადგან მისი გვერდები დამოწმებული არ არის
უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და მოითხოვს
მოპასუხის დავალდებულებას გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამდენად უსაფუძვლოა
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს დავის
საგანი, შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი. შესაბამისად
დაუშვებელია სსკ-ის 272-ე `ა~ ქვეპუნქტის მიხედვით საქმის
წარმოების შეწყვეტა~, _ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი
ინსტანციის გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლო
არსებითად მსჯელობს დაზუსტებული დავის საგანზე და გამოაქვს
დასკვნები, ამასთან საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ დავის
საგანი არ არსებობს.
`სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ
წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად,
არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა
კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა
კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც მოჰყვა არასწორი
გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად გადაწყვეტილება
ფაქტობრივად და სამართლებრივად არ არის სრულად დასაბუთებული, ანუ
სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის `ე~
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რაც მისი გაუქმების
საფუძველია~, _მითითებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.
როგორც `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ ადვოკატი
ჯაბა ზერეკიძე მიიჩნევს, აღნიშნული განჩინება არ იყო საკმარისად
დასაბუთებული და ამასთანავე მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ
არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი. `მოსამართლის განმარტებით
თითქოს და აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა საჯარო ინფორმაციის
დედანში გაცემის უფლებამოსილებას, სინამდვილეში კი კანონი
ითვალისწინებს ინფორმაციის დედანში გაცნობას, რაც უნდა მოხდეს
იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც ეს ინფორმაცია ინახება და
არა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, თანაც ჩვენ ვითხოვდით
კანონის შესაბამისად დამოწმებული ასლების მიღებას, კანონი,
ასევე ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს
საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, ასეთად კი, როგორც აღვნიშნე,
მოცემულ შემთხვევაში იყო კანონის შესაბამისად დამოწმებული
ასლების მიღება. აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა ქუთაისის
სააპელაციო სასამართლომ და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მიიღო
სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება და გააუქმა ოზურგეთის
რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინება~, _
აცხადებს ჯაბა ზერეკიძე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s