შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა საერთოდ უნდა აეკრძალოთ! July 16, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 2:21 pm

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

არათანაბარი საარჩევნო გარემო, საბიუჯეტო თანხებისა და სამთავრობო უწყებების ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების წინასაარჩევნოდ უკანონოდ გამოყენება, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლა _ ამ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ თავის 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში. ევროკავშირის მიერ მიმდინარე წლის 12 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ “საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები საკმარისი არ არის არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად“. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შეფასებისას ასევე კრიტიკულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის  უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც. მის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში „გარკვეული რაოდენობის მნიშვნელოვანი ხარვეზები რჩება… ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის და ასევე საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის“.

`წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მეტად ცდილობდა, აქტივობები სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია, თუმცა საკმაოდ ხშირი იყო დარღვევები. გარკვეული გაუმჯობესების პარალელურად, მნიშვნელოვან ხარვეზებად დარჩა პოლიტიკური სუბიექტებისთვის არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა _ საბიუჯეტო თანხების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება, სამთავრობო უწყებების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების წინასაარჩევნო აგიტაციისთვის უკანონოდ გამოყენება, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლა და ა. შ.~, _ გვითხრა `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მართლზომიერებაზე ზედამხედველი ინსტიტუტის მანდატი უფრო ნათლად უნდა განისაზღვროს. განვლილმა არჩევნებმა ცხადყო, რომ ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამ ფუნქციას ეფექტიანად ვერ ახორციელებს. ამდენად, საჭიროა მისი ეფექტიანობის ამაღლების დამატებითი მექანიზმების შემუშავება ან/და ამ სფეროსთვის სხვა პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა.
როგორც ხატისკაცი აღნიშნავს, საქართველოში საჯარო სამსახურის სრულყოფილი რეფორმა დღემდე არ გახორციელებულა. შედეგად, ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან, წინაურდებიან და თავისუფლდებიან. ასეთ პირობებში ისინი ცდილობენ, რომ, თუ მმართველი პარტიის მხარდამჭერები არ არიან, პოლიტიკური სიმპათიები არ გამოხატონ. ამდენად, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა თუ არმონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებებს საჯარო მოხელეები დამოუკიდებლად ვერ იღებენ. როგორც წესი, ბევრი საჯარო მოხელე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. `იმისთვის, რომ პარტიულ საქმიანობასა და საჯარო სამსახურის საქმიანობას შორის უფრო მკაფიო ზღვარი გაივლოს, საჯარო მოხელეებს, გარდა მცირე გამონაკლისებისა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა საერთოდ უნდა აეკრძალოთ (მათ შორის, შვებულების დროს),~_ მიიჩნევენ `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში~.
როგორც ამ ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებები მმართველი პარტიისთვის გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის. გარდა ამისა, შეუძლებელია იმის გაკონტროლება, ზუსტად რა დროითა და პირობებით იყენებს მმართველი პარტია ამა თუ იმ რესურსს. ამდენად, საარჩევნო სუბიექტების ერთნაირ პირობებში ჩაყენების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფო ბალანსზე არსებული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება საერთოდ აიკრძალოს. გამონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობები. მათთან დაკავშირებით კანონი დამატებით რეგულირებას უნდა ითვალისწინებდეს, კერძოდ, თვითმმართველობებს უნდა დაევალოთ, რომ შენობების თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. პირველ რიგში, მათ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთანავე უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, რომელთა გამოყენებაც ყველა საარჩევნო სუბიექტს შეეძლება; გარდა ამისა, დეტალურად უნდა ჩამოაყალიბონ მათი გამოყენების უფლების მისაღებად სავალდებულო პროცედურები (შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის ფორმა და ვადა.
ნინა ხატისკაცი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ღონისძიებების დროს კამპანიის გაწევის აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ღონისძიებების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებამ, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს და ზრდის მმართველი პარტიის უპირატესობას. საარჩევნო სუბიექტებს და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე ყველა სხვა პირს (მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს) უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ღონისძიებების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლი აწესრიგებს; თუმცა ეს მუხლი მხოლოდ იმას განმარტავს, რა უფლებები აქვს სუბიექტის წარმომადგენელს, იმაზე კი, ვის აქვს ან არ აქვს სუბიექტის წარმომადგენლობის უფლება, არაფერს ამბობს. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებად თავად დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები იყვნენ დარეგისტრირებული და ისინი 30 მაისს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე.
`დეპუტატობის კანდიდატის უბანზე ყოფნამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. ამიტომ აუცილებელია, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობის უფლება მაჟორიტარული თუ პროპორციული წესით წარდგენილ კანდიდატებს არ ჰქონდეთ~, _ გვითხრა ხატისკაცმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე საჯარო მოხელეთა შვებულებებში გასვლას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და შვებულებაში მყოფი თანამდებობის პირები კვლავ იყენებდნენ სამსახურის რესურსებს (ოფისს, სამსახურებრივ მანქანას, ტექნიკურ და საკომუნიკაციო საშუალებებს) და ასრულებდნენ სამსახურებრივ ფუნქციებს, რაც კანონით ეკრძალებოდათ; გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში შვებულებაში გასული ათეულობით საჯარო მოხელე აფერხებდა საჯარო დაწესებულებების ეფექტიან ფუნქციონირებას, რადგან მუნიციპალური სამსახურები თანამშრომელთა ნაკლებობას განიცდიდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც შვებულებაში მყოფი თანამდებობის პირები მმართველი პარტიის ოფისებიდან ასრულებდნენ სამსახურებრივ ფუნქციებს და იქ ემსახურებოდნენ მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეები შვებულებაში იმყოფებოდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მაინც თანამდებობის პირებად აღიქვამდა და მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის არსებული ზღვარი მთლიანად იყო წაშლილი. მათი უმრავლესობა უმეტეს დროს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოფისებში ატარებდა და მუდმივად ამომრჩევლებთან ურთიერთობა უწევდა.
`საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ ძალას, არჩევნების წინა პერიოდში არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თავისი ინტერესების შესაბამისად არ უნდა შეეძლოს საარჩევნო კანონის შეცვლა. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო, რომ, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არჩევნებისთვის სათანადოდ მოემზადონ. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა საარჩევნო კანონის გადახედვა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს და საჭირო ცვლილებები მასში დროულად უნდა შეიტანოს. სასურველია, კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა~, _ გვითხრა ნინა ხატისკაცმა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s