შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

რატომ მოაწერეს შეუსრულებელ სამუშაოს ხელი გამგეობის მაღალჩინოსნებმა? July 5, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:13 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაოების დაწყება იყო და არა მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შედეგიანად დამთავრება. გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პროგრამა არჩევნების მოსაგებად გამოიყენეს.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი, თითქმის, ყველა სამუშაო თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღემდე, რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მათი უმრავლესობა 20 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სამუშაოების ტემპი დაჩქარდა, თუმცა ჯერ ისევ დაუსრულებელია. გასულ წელთან შედარებით, საარჩევნო წელს, თანხაც და შესაბამისად, პროექტების რაოდენობაც გაორმაგდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მცხოვრებლებს ერთი საერთო პრობლემა ჰქონდათ, ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი წყალი, პრაქტიკულად, არ მიეწოდებათ. ამიტომ ამ სოფელში 2009 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს.
ნატანების ტერიტორიულ ერთეულს 2009 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 42 378 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხიდან 29 950 ლარით 3 ერთეული წყლის სამარაგო რეზერვუარის მონტაჟი (ზემო ნატანების სკოლასთან, ლეკურას უბანში და I ბრიგადაში) უნდა შესრულებულიყო. პროექტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, წყლის სამარაგო რეზერვუარებზე 1 155 მეტრი 50-მმ-იანი განივკვეთის პლასტმასის მილი უნდა მიერთებულიყო, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის წყლით მომარაგება უნდა მომხდარიყო. 2010 წლის თებერვალში `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ და `გურია ნიუსის~ საველე მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ წყლის სამარაგო არცერთ რეზერვუარს ჭაბურღილიდან რეზერვუარის შემავსებელი და არც ზემოთ აღნიშნული 1 155 მეტრი მილი არ გააჩნდა.
როგორც `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ ეკონომისტი ლევან ჩხაიძე აცხადებს პროექტის თანახმად, მაგისტრალური მილის გაყვანა 4 966,5 ლარი ჯდებოდა. მუნიციპალიტეტის მიღება-ჩაბარების აქტებში არსად არის აღნიშნული, წყლის სამარაგო რეზერვუარიდან, მოსახლეობაში გამავალი მილების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია, რაც იმას ადასტურებს, რომ ინდმეწარმე `ავთანდილ ხურციძეს~ არ განუხორციელებია ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული მაგისტრალური მილის მონტაჟი. აქვეა დაფიქსირებული მილების შესყიდვის ფაქტიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა და ინდმეწარმე `ავთანდილ ხურციძემ~ 2009 წლის 10 აპრილს ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, 2009 წლის 15 ივნისიდან კონტრაქტორს, ხელშეკრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველ დაგვიანებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% უნდა დარიცხვოდა, რაც დღიურად 29,75 ლარს შეადგენდა.
ჩხაიძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ – გამგეობამ ხელშეკრულების მხარის მოვალეობები არ შეასრულა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩაატარა მიღება-ჩაბარება, რითაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტი აზარალა.
`გასული პერიოდის განმავლობაში ამოუღებელი პირგასამტეხლოს სახით ბიუჯეტმა 6 420 ლარი იზარალა~, _ამბობს ის.
`გურია ნიუსთან~ საუბარში სოფელ ნატანების რწმუნებული ირაკლი ცერცვაძე აცხადებდა, რომ 2009 წელს ვერ მოხერხდა 300 მეტრზე მეტი მილის შესყიდვა, რამაც პროექტის დაუსრულებლობა გამოიწვია.
მიღება- ჩაბარების შუალედურ აქტებში აღნიშნულია: 2009 წლის 7 მაისის აქტი _ შეძენილია 50-მმ-იანი 385 გრ/მ პლასტმასის მილი; 2009 წლის 23 მაისის აქტი – შეძენილია 50-მმ-იანი 370 გრ/მ პლასტმასის მილი; 2009 წლის 15 ივნისი – შეძენილია 390 გრ/მ 50-მმ-იანი პლასტმასის მილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მაშინდელი მოადგილე, ამჟამად გამგებელი გიორგი ტაკიძე `გურია ნიუსთან~ აცხადებდა, რომ `300 მეტრი სიგრძის მილი რომ ჩაგვესვა, მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, ამ პრობლემას წელს მოვაგვარებთ~.
მისივე თქმით, შესაბამისმა კომისიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და მიღება-ჩაბარების აქტსაც მოაწერა ხელი.
`მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ გამგეობის კომისიამ დააფიქსირა 1145 გრძივი მეტრი მილის შესყიდვის ფაქტი~, _ აღნიშნავს ჩხაიძე და ამბობს, რომ გარდა ამისა, აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ნატანების რწმუნებულის ირაკლი ცერცვაძის განცხადებას, რაც კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვს იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა რეალობას გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულ საკითხებზე უკვე შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ“, _ მიიჩნევს ეკონომისტი.
2009 წელს ნატანებში გახორციელებული `წარმატებული~ პროექტების გარდა, გვაქვს ასევე 2010 წლის მიღწევებიც.
ნატანებში სპორტული დარბაზის შესაკეთებლად, ინდმეწარმე `იაკობ ღლონტთან~ 2010 წელს 27 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის თანახმად, 3 548 ლარის ღირებულების სამუშაო 27 მაისს უნდა დასრულებულიყო. ხარჯთაღრიცხვის მონაცემებით, სპორტდარბაზში 40 კვ.მ. ფართობზე იატაკის ახლით შეცვლა იგეგმებოდა.
`სპორტდარბაზის დირექტორმა, დარბაზის დათვალიერების დროს, მიგვითითა ადგილი, სადაც მოხდა იატაკის ფიცრების შეცვლა. დათვალიერების შედეგად, ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ აღნიშნული იატაკი ან საერთოდ არ არის შეცვლილი ან კიდევ ძველი, უვარგისი მასალაა გამოყენებული. არადა, პროექტი ახალი იატაკის დაგებას ითვალისწინებდა. იატაკზე მხოლოდ სამღებრო სამუშაოებია ჩატარებული. მიმაჩნია, რომ სპორტდარბაზის იატაკის შეცვლისთვის, ჩატარებული სამუშაოების შესახებაც, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ“, _ აცხადებს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ეკონომისტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ საქმეში ჩახედვის შემდეგ უპასუხებენ ჩვენს კითხვებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი, რომელიც ოთხი წელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, საკრებულოს ეხება სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი, მაგრამ უფრო კომპეტენტური აღმასრულებელი რგოლი უნდა იყოს.
“ეს ისეთი საქმეა, რომელსაც დოკუმენტალური მასალების წარდგენა და მოძიება სჭირდება, (თუ სურვილი აქვს ოზურგეთის ხელისუფლებას, ყველა დოკუმენტი გამგეობაში ინახება და დიდი მოძიება არ სჭირდება, უბრალოდ _ ჩახედვა უნდა). მე, რამდენადაც ვიცი, პრეტენზიით არავინ შემოსულა. წყალი შეყვანილი და დამონტაჟებულია. ეს გასული წლის ამბავია და დღემდე არავის მოუმართავს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, მოვიკვლიოთ ეს ფაქტი~, _ გვითხრა გოგოტიშვილმა.
ამ დროისთვის გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები დაწყებულია… მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოების ნაწილის დასრულება პრობლემად რჩება. პრობლემად, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ვერ მოაგვარა. თუმცა, ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაოების დაწყება იყო და არა მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შედეგიანად დამთავრება.
სტატია მომზადებულია ფონდ “ღია საზოგადოება –საქართველოს“ პროექტის “საზოგადოებრივი ბარიერი, თუ დემოკრატიის მოთხოვნა“ ფარგლებში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s