შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მაღალი მიგრაციის გამო დაბერებული სოფლის დღევანდელობა July 5, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:11 am

შორენა ღლონტი
გურია ნიუსი

ასკანა _ გურიაში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლის ყველაზე დიდი სატკივარი ამორტიზებული გზა და მძიმე სოციალური ყოფაა.
როგორც აქაურები ამბობენ, სოფელი მიგრაციას სწორედ ამ მიზეზების გამო განიცდის.
`სოფელი დაბერდა, ბავშვებს ბებიები ზრდიან, მათი ახალგაზრდა მშობლები ქალაქში წავიდნენ ლუკმა-პურის საშოვნელად და უკან აღარ ბრუნდებიან. სამწუხაროდ, საკუთარი ნიჭი და უნარი ვერ მოახმარეს თავიანთ საბუდარს. ვინც დავრჩით, თითქმის ყველა პენსიით ვსულდგმულობთ,~ _ გვითხრა სოფლის ცენტრში ერთმა მხცოვანმა მამაკაცმა.
მისივე თქმით, კომუნისტების წასვლის შემდეგ აქ გზა არ შეკეთებულა, მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაყარენ ხრეში, რომლის მოსწორებას არ დაადგა საშველი: `რა აზრი აქვს ხრეშის დაყრას? ერთი გაწვიმება და ხრამში მიაქვს ერთიანად ნიაღვარს~.
მას შემდეგ, რაც 2002 წელს ხანძარმა შთანთქა მანამდე მეწყერული მოვლენებისგან არაერთგზის დაზიანებული სკოლა, სოფლის მთავარი საგანმანათლებლო კერა განთავსებულია ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში, რომელიც ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს სასწავლო დაწესებულების ტიპური შენობის სტანდარტს.
როგორც სკოლის დირექტორმა ნინო მამალაძემ გვითხრა, ასკანის საჯარო სკოლაში დღეისთვის 193 მოსწავლე სწავლობს. სამწუხაროდ, შეინიშნება სასწავლო კონტიგენტის კლების ტენდენცია. გარდა იმისა, რომ სკოლა განთავსებულია არატიპურ შენობაში, საერთოდ არ აქვთ სპორტული დარბაზი და ფიზკულტურული ღონისძიებების ჩატარება ხშირად ღია ცის ქვეშ უხდებათ. ეს მაშინ როცა, ასკანაში კარგი სპორტული მონაცემების ბავშვები არიან, განსაკუთრებით ჭიდაობის სახეობებში. ამის გამო ჭიდაობის სექციაში ჩართული ბავშვები 5 კილომეტრი დაშორებით, ფეხით ჩადიან მშვიდობაურში, სადაც ფუნქციონირებს ჭიდაობის სექცია.
საერთოდ სოფელი, უტრანსპორტობის გამო, თითქმის მოწყვეტილია მუნიციპალიტეტის ცენტრს. დილით ქალაქის მიმართულებით ავტობუსი ერთ რეისს ასრულებს და საღამოს ბრუნდება.
ნინო მამალაძე უკვე ტრადიციად ქცეული ერთი ღონისძიების შესახებაც გვესაუბრება:
`სოფლის ძირითადი არტერია სკოლაა. ტრადიციად ვაქციეთ ბებიების დღე, რადგან ბავშვებს ისინი ზრდიან. უკვე მეორე წელია ბებიების კონკურსს ვატარებთ და ვასაჩუქრებთ სუვენირებით~.
სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ სოფელს სიცოცხლის სიყვარულის ერთგვარ ლაზათს აძლევს სკოლამდელი დაწესებულება _ სანიმუშოდ მოვლილი, სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, კარგ ფორმაში მყოფი ბაგა-ბაღი, რომელიც სამ ჯგუფზეა გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე აქ მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.
ბაგა-ბაღის გამგის მაყვალა თავართქილაძის თქმით, რომ არ იყოს ტრანსპორტირებისა და დაფინანსების პრობლემა, რეალურად კიდევ ერთი ჯგუფის დამატება შეიძლებოდა.
`შარშან ჩვენს სოფელში 18 ახალშობილი გაჩნდა, არის კონტიგენტი, მაგრამ ბავშვებს რამდენიმე კილომეტრიდან ფეხით ხომ ვერ მოიყვანენ. ჩვენც არ გვაქვს იმის საშუალება საკუთარი ტრანსპორტით უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება,~_ გვითხრა ბაღის გამგემ.
თუ არ ვცდებით, მუნიციპალიტეტში არ არსებობს სხვა ისეთი საბავშვო ბაღი, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეურნეობა, თანაც ისეთი მთელი წლის განმავლობაში ხილითა და ბოსტნეულით რომ უზრუნველყოფს პატარებს:
`ბავშვებს მარწყვი უნდა ჰქონდეს, უნდა იცოდნენ როგორ ირგვება, როგორ მწიფდება და როგორ მოდის მოსავალი. ამიტომაც ვუვლით ასე ამ ბაღ-ბოსტანს. შარშან ვაშლი არ გვიყიდია, ჩვენს ბაღში იმდენი დავკრიფეთ, რომ მთელი წელი გვეყო~.
ქალბატონი მაყვალას აზრით, არამართებულია რეფორმა, რომლის მიხედვითაც ბავშვთა ბაღები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიაკუთვნეს:
`რა გვინდა ჩვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. 36 წელი ამიტომ ვიწვალე, რომ დაზღვევაც არ მქონოდა?~ _ კითხულობს ის.
ბაღში იმ წლებსაც იხსენებენ, როცა თანამშრომლებს ბავშვებისთვის საკვები სახლიდან მოჰქონდათ.
`რვა წელი ხელფასი გაყინული გვქონდა, მაგრამ ჩვენმა კოლექტივმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ფუნქციონირება არ შეგვეწყვიტა~, _გვითხრა მაყვალა თავართქილაძემ.
როგორც ასკანის რწმუნებულის თანაშემწე პავლე მესხიშვილი ამბობს, ამჟამად სოფლიდან 28 მამაკაცი თურქეთშია წასული სამუშაოდ.
`სოფელი 515 კომლიდან შედგება და თითქმის ყველა ოჯახიდან წასული არიან სხვადასხვა ქალაქში სამუშაოდ~.
მთავარ პრობლემად მესხიშვილი სწორედ მიგრაციას და მეწყერიანობის გამო მცირემიწიანობას მიიჩნევს.
აქვე აღნიშნავს, რომ სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში როგორც შარშან, ისე წლეულს სხვადასხვა, სოფლისთვის სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s