შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

შტატების გაზრდა პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდება June 29, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 9:55 am

ექსპერტების მოსაზრებით, სახელმწიფო აპარატებში მომუშავეთა რაოდენობრივი ზრდა პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებით კი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს სათავისოდ გამოიყენებს.

მაშინ, როცა 2010 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით შემცირდა, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში მომუშავეთა რაოდენობა და მათი დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო რწმუნებულ-გუბერნატორების აპარატში ამ მაჩვენებლების გაორმაგება იგეგმება. თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, ეს განუკითხავი საშტატო ბუმი მხოლოდ მაისის ბოლომდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდეა გარანტირებული.
თუ 2008-2009 წლებში გურიის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 21 საშტატო ერთეულს შეადგენდა, 2010 წლის გეგმით 43 უნდა გახდეს. გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450,3 ათასი ლარით, 2009 წელს კი 522,0 ათასი ლარით ფინანსდებოდა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის V თავის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულის და მისი დაფინანსების გაორმაგება იგეგმება. ამავე დოკუმენტით, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2010 წელს 996,4 ათას ლარს მიიღებს.
იმერეთის რეგიონში თერთმეტი მუნიციპალიტეტია, კახეთის რეგიონში _ რვა. იმერეთისა და კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციებში 50-50 ადამიანია დასაქმებული და, გურიის რეგიონისგან განსხვავებით, მათ დაფინანსებაზე 200 ათასი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს.
როგორც ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი ამბობს, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფინანსების გაორმაგება საარჩევნო წელს უკავშირდება.
`არ მგონია, აქ ბევრი სამარჩიელო იყოს, 2010 წელი საარჩევნო კალენდრით აქტიური წელია. აქედან გამომდინარე, რეგიონული ერთეულების დაფინანსების გაზრდა, ცალსახად უკავშირდება პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ იმ აქტივობებს, რომელიც გასახორციელებელი იქნება სწორედ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რათა უზრუნველყონ პოლიტიკურად მისაღები ძალის გამარჯვება~, _ გვითხრა საყევარიშვილმა.
`ეროვნული ფორუმის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე დარწმუნებულია, რომ ეს არის სახელმწიფო სამსახურების ერთგვარ შრომის `ბირჟად~ გადაქცევის მცდელობა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების სიტყვა და საქმე ისეა დაშორებული ერთმანეთთან, როგორც ცა და დედამიწა:
`კარგად გახსოვთ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის არაერთი განცხადება ბიუროკრატიული აპარატის შემცირებასა და `ქამრების შემოჭერის~ თაობაზე. თუმცა, წინასაარჩევნოდ იგივეს აკეთებენ, რასაც _ ადრე~, _ ამბობს გოგიბერიძე.
`ეროვნული ფორუმის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მალე თანამშრომლებს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სადარბაზოებშიც დასვამენ, რადგან არჩევნების მოგების სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ.
`ნდობის რესურსი მოსახლეობაში სასტიკად გაღატაკებულია და ამ ტოტალური უმუშევრობის ფონზე ასეთი მეთოდებით ცდილობენ გაზარდონ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მონური ფსიქოლოგიით გამოირჩევიან და არ ადარდებთ თავიანთი ქვეყნის ბედი, _ დასძინა მან.
`რესპუბლიკური პარტიის~ გურიის კოორდინატორის ტიფო მიქატაძის თქმით, `შტატების გაზრდა და გაფართოება დაკავშირებული უნდა იყოს სტრუქტურის დანიშნულებასთან, მის ამოცანებსა და ფუნქციებთან. როცა საუბარია ცვლილებებზე და შტატების შექმნაზე, დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი ცვლილება~.
მისივე თქმით, თუ კანონმდებლობით არ იცვლება რწმუნებულ-გუბერნატორების ფუნქციები, მაშინ საქმე გვაქვს დამატებით ხარჯებთან _ მხოლოდ და მხოლოდ ხარჯებთან. ნაკლებად სავარაუდოა, ამ ხარჯებს მოჰყვეს საჯარო სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობა და საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდების გაზრდა:
`ცვლილებები განპირობებულია კარს მომდგარი ადგილობრივი არჩევნებით, _ ამბობს მიქატაძე.
ის მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს უკეთ გამოიყენებს. ანუ მოემსახურებიან მთლიანად ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პარტიას – ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს.
გურიის გუბერნატორის მოადგილის ლელა თავართქილაძის თქმით, გურიის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგში დღეის მდგომარეობით ცვლილებები არ არის:
_ ასეთი ცვლილებების შემთხვევაში ის აუცილებლად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაა, _ გვითხრა თავართქილაძემ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s