შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

“ოპოზიციას მართებს საკუთარი რიგების მაქსიმალური წმენდა და სრულიად ახალი, გამარჯვებაზე ორიენტირებული მიდგომების ფორმირება“ June 22, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 3:40 pm

გიორგი გირკელიძე

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “გურია ნიუსთან“, არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ძალების პერსპექტივებზე საუბრობს. მისივე თქმით, თუ იმ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდგომმა პერიოდმა წარმოაჩინა, განსაკუთრებულ სიახლეს კვლავ ვერ დავინახავთ.
არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ვწერდით, რომ ოპოზიციურ სპექტრში მინიმუმ 2 მიმართულება იკვეთება: პირობითად, ირაკლი ალასანიას მიმართულება, რომელიც მტკიცედ ადგას ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის პოზიციას და მეორე – ნინო ბურჯანაძის მიმართულება, რომლის ნიშა მისი სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორების სახეებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ ოქრუაშვილსა და გაჩეჩილაძეს, უფრო ქარიზმატული, მობილური და აგრესიული პოლიტიკის წარმართვაზე იქნება ორიენტირებული.

_ ერთი კვირა არ გასულა და ნინო ბურჯანაძის ირგვლივ სავარაუდოდ მოაზრებული ფიგურები სულ მცირე ორ ბანაკში გადანაწილდნენ – სოზარ სუბარის ”ნაციონალური იდეის” გარშემო და ნოღაიდელის ორბიტაზე. ეს მაგალითი მიგვანიშნებს არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარ პრობლემაზე: მოდრეიფე პოლიტიკურ ფიგურებსა თუ მიკრო პოლიტიკურ ძალებზე, რომელთა ინტერესებთან თანხვედრა ხელისუფლებას საკმაოზე მეტად იაფი უჯდება. ანუ ეს არის ის რესურსი ხელისუფლებისთვის, რომლის ამოქმედებითაც ხელისუფლებას ოპოზიციაში წარმოქმნადი ნებისმიერი პოლიტიკური კონფიგურაციის დაშლა ხელეწიფება.
სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რეალურად შეუძლებელია საუბარი არასაპარლამენტო ოპოზიციის პერსპექტივებზე, იმდენად დიდი დოზით არის გაჯერებული ის ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ, ხელზე მოვაჭრე სუბიექტებით.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის – ”ქრისტიან-დემოკრატების” სახით. გამომდინარე მისი ფუნქციიდან – იყოს თანამგზავრი პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებაში რაღაც დოზით ყოფნის პრობლემა მას არ დაუდგება, სანამ სათავეში ”ნაციონალები” იქნებიან. ჩემთვის ახსნადია მათი ლოგიკა – ”თანამგზავრობის” ხარჯზე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვონ ძალაუფლების სულ უფრო და უფრო დიდი ულუფები. მაგრამ, როგორც ამ ადგილობრივმა არჩვენებმა დაადასტურა, მათი პოლიტიკური ზეაღსვლისთვის მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება არ არის საკმარისი. მათაც უნდა გამოიღონ ხელი: ამ არჩევნებმა მათთვის ფაქტობრივად სასათბურე პირობებში ჩაიარა, მაგრამ მიღწეული შედეგი, მიუხედავად მეორე ადგილისა, ძალზედ შორს დგას სასურველიდან, რადგან რაოდენობრივ ჭრილში თუ განვიხილავთ, მათი წარმომადგენლობა ადგილობრივ ორგანოებში ამინდს ვერ ქმნის. იმგვარი ხელშემწყობი რეჟიმის პირობებში, როგორადაც მათ ჩაატარეს ადგილობრივი არჩევნები, მათ უნდა ჰქონოდათ ამბიცია, მინიმუმ მესამედით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი თბილისის საკრებულოში.
მათთვის მთავარ პრობლემად შეიძლება სწორედ ეს სასათბურე პირობები იქცეს, რომელიც მათ ხელს შეუშლის პოლიტიკურ ბრძოლაში გამოცდილების აკრეფაში, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. 2000-იანი წლების დასაწყისში ნუგზარ საჯაიამ, მაშინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა და უდიდესი გავლენის მქონე პიროვნებამ მთლიანად საკუთარი კადრებით დააკომპლექტა აღმასრულებელი ხელისუფლების ძალოვანი ბლოკი, სასამართლო და მაკოტროლებელი ხელისუფლება. ფაქტობრივად, უზარმაზარმა ძალაუფლებამ თავი მოიყარა, პირობითად, ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში და მათ ჰქონდათ თეორიული შანსი ქცეულიყვნენ – დღევანდელი ხელისუფლების და მაშინდელი ოპოზიციის ერთადერთ რეალურ და სერიოზულ ალტერნატივად. მაგრამ მათი მთავარი პრობლემა სწორედ სასათბურე პირობები და პოლიტიკურ ბრძოლაში გამოუცდელობა აღმოჩნდა. მათ არათუ ალტერნატივად ქცევა, რეალურად ერთ გუნდად ფორმირებაც ვერ შეძლეს და ქარის მოტანილი ქარმავე წაიღო.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური მოქნილობის ადამიანს ქარწაღებულობა არ უნდა ემუქრებოდეს და ეს არჩევნები, ალბათ იმასაც ასწავლიდა, რომ სასათბურე პირობები პოლიტიკური, მათ შორის, საარჩევნო ბრძოლის გარეშე, ჯოხის მხოლოდ ერთი და არასაკმარისი ნაწილია ხელისუფლების დიდი ულუფის ხელში ჩასაგდებად. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ ”ქრისტიან-დემოკრატების” პოზიცია პრაგმატულობის და მორალურობის თვალსაზრისით გაცილებით გამართლებულია, ვიდრე არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი რეიტინგული ფიგურისა, რომელთა ერთადერთი ფუნქცია ხელისუფლებასთან წვრილი ვაჭრობაა ოპოზიციაში თავჩენილი ახალი წარმონაქმნების დაშლის საფასურად.
და ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე – დღევანდელი ხელისუფლება. თუ ოპოზიციურ ბანაკებში არსებული ზემოთაღწერილი სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენ მივიღებთ უკვე კარგად ნაცნობ სცენარს – ”მოქალაქეთა კავშირიდან” ”ნაციონალურ მოძრაობამდე” ანუ არსებული ხელისუფლება შობს მომავალ ხელისუფლებას. მით უფრო, რომ მათ ამისთვის მზადება კარგა ხანია დაიწყეს. ის მიზანდასახულობა, ყველა რესურსის მიმართვა მიზნის მისაღწევად და გულმოდგინება, რამაც ”ნაციონალები” ქვეყნის სათავეში მოიყვანა, მათ ხელისუფლების შენარჩუნებაშიც დაეხმარება. თუნდაც სააკაშვილის, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარდაკარ სიარული და აჯა ევროპის ”ხელმწიფეების” კარზე მიღების თხოვნით, რაც არა მხოლოდ ჩვენი, დასავლური პრესის სარკამზის ობიექტადაც იქცა, საბოლოო შედეგად ისახავს არა იმდენად სააკაშვილის იმიჯის რეინკარნაციას, არამედ სწორედ იმას, რომ დასავლეთმა თანხმობა (უტყვი თუ აქტიური, ამას გადამწყვეტი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან ”ნაციონალებმა” ამ არჩევნებით დაამტკიცეს, რომ აქტიური საგარეო მხარდაჭერის გარეშეც იოლად უმკლავდებიან ოპოზიციას) განაცხადოს, რომ მომავალი ხელისუფლება კვლავ ”ნაციონალური” ბუდიდან იშვას.
ასე რომ, იმ პირობებში, როცა დასავლურ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ამ არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მომავალი ხელისუფლება სწორედ არსებული ხელისუფლების წიაღიდან გამოვა, რადგან სხვა ძალებს ამის პოტენციალი დიდად ვერ შევატყვეთო, ოპოზიციას მართებს საკუთარი რიგების მაქსიმალური წმენდა და სრულიად ახალი, გამარჯვებაზე ორიენტირებული მიდგომების ფორმირება. და რაც მთავარია, მორალური მდგრადობის შენარჩუნება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული არაერთი საცდურის მიმართ.
დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში მოიყვანა კრიტიკულ სიტუაციებში გაერთიანების უნარმა და დღემდე ძალაუფლებას სწორედ ამ უნარის წყალობით ინარჩუნებს. თუ რამე უნდა ისწავლოს ოპოზიციამ გამარჯვების მისაღწევად ამ ხელისუფლებისგან – არა `ვარდების რევოლუციის~ კლიშეების უნიჭო გადმოღება, არამედ სწორედ გაერთიანების ეს უნიკალური უნარია. _ გვითხრა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

One Response to ““ოპოზიციას მართებს საკუთარი რიგების მაქსიმალური წმენდა და სრულიად ახალი, გამარჯვებაზე ორიენტირებული მიდგომების ფორმირება“”

  1. mari Says:

    saintereso mosazrebaa.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s