შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

მანჯგალაძე ჩავლილ არჩევნებს პოზიტიურად აფასებს June 17, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 8:40 am

შორენა ღლონტი

პაატა მანჯგალაძე და მარინე სუნგულია საოლქოს სხდომაზე

არის თუ არა წყალში გადაყრილი საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გახარჯული მილიონები და როგორ აფასებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი #60 ოლქში, იურისტი პაატა მანჯგალაძე უკვე ჩავლილ არჩევნებს.

_ სანამ უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შევეხებოდეთ, მაინტერესებს თქვენი შეხედულება ახალ საარჩევნო კოდექსზე? როგორ ფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია თუ, როგორც ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, გაუგებრობა? რამდენიმე სიტყვით ხომ არ შეადარებდით ერთმანეთს, რომელიმე დემოკრატიული ქვეყნისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსს?
_ საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები გახორციელდა ორი მიზეზით: პირველი _ ეს იყო ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების შედეგი და მეორე _ წინა არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები იდეალური არ არის, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია და ემსახურება  თანაბარუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. რაც შეეხება რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კოდექსთან ჩვენი საარჩევნო კოდექსის შედარებას, გეტყვით, რომ ასე პირდაპირი შედარებით ნორმატიული აქტების დემოკრატიულობის ხარისხის განსაზღვრა არ ხდება, თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი შეესაბამება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნების გამართვასთან დაკავშირებულ ძირითად სტანდარტებს. ეს რომ ასე არ იყოს, მოგეხსენებათ, ძირითადი საკანონმდებლო აქტები ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში გადის, მე სისტემატიურად ვეცნობი მათ შეფასებებს და დასკვნებს, მაგრამ იქ კოდექსის არადემოკრატიულობაზე ან რაიმე სახით მისი რომელიმე ძირითადი დებულების ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე სიტყვაც არ არის ნახსენები.
_ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, იყვნენ თუ არა თანაბარ პირობებში პოლიტიკური სუბიექტები?
_ გთხოვთ, დააკონკრეტოთ თანაბარ პირობებში, რას გულისხმობთ, სუბიექტების თანაბარ უფლებრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას?
_ ორივეს ერთად.
_ კანონის და კოდექსის წინაშე ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყო. რაც შეეხება ფინანსურ შემოწირულობებს, ამაზე კონკრეტული პარტიების საარჩევნო ფონდები ზრუნავდა. თუ იყო განსხვავება და რა თქმა უნდა იყო, მე ამის შესახებ ვერაფერს გიპასუხებთ.
_წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ხომ არ შეუწყო ყველაფერ ამას  ხელი სწორედ ახალმა საარჩევნო კოდექსმა?
_ რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამ საკითხზე, მე მგონი, თქვენ ჩემზე უკეთ ინფორმირებული ხართ და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მას მასიური ხასიათი არ ჰქონია და ასეთი ფაქტი გურიაში სულ ერთი  თუ  ორი გამოვლინდა, რასაც ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მიმაჩნია, რომ ეს იყო არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არამედ ეს ცალკეული პირების  თვითინიციატივა იყო, რომლებმაც, შესაძლოა, უფლებამოსილებას გადაამეტეს, რასაც, რა თქმა უნდა,  საარჩევნო გარემოზე და არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან მთელი რიგი საარჩევნო უბნის კომისიები შვებულებაში გასული საჯარო მოხელეებით იყო დაკომპლექტებული, ამასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავდა. ამასთანავე, სხვა რესურსებზე, რომ არაფერი ვთქვათ, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბები მასიურად შვებულებაში გასული მაღალჩინოსნებით იყო წარმოდგენილი.
_ ეს კანონის დარღვევა ნამდვილად არ არის, პირიქით თუ საჯარო მოხელეები არჩევნების გამო შვებულებაშიDგავიდნენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ამით კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა გამოხატეს.
_ თქვენ #60 ოზურგეთის ოლქში ცესკოს წარმომადგენელი იყავით, თუმცა გარკვეული შეხება გქონდათ #61 და #62 საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობასთან.  თქვენი მოსაზრებით აღნიშნული ოლქებიდან, დემოკრატიულობის თვალსაზრისით უკეთ რომელმა იმუშავა?
_ სამივე საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესში იყო რაღაც ტიპის ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში ორგანიზაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით ოლქებმა აბსოლუტურად გამართულად იმუშავეს. რაც შეეხება 2010 წლის არჩევნების წინგადადგმული ნაბიჯად გამოცხადებას, Aმასზე პირველ რიგში მეტყველებს გამოვლენილი დარღვევების ხასიათი და შემოსული საჩივრების სიმცირე, ამასთან, ეს არა ვინმეს კერძო მოსაზრებაა, არამედ დადასტურებულია, როგორც უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერაც.
_ თუმცა, ეუთოს წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოტანილი ზოგიერთი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ ყოფილა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, როგორც იურისტი?
_ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, თუ რომელ ფაქტებზე საუბრობს ეუთოს მისია, შესაბამისად ჩემი მხრიდან შეფასება არაკორექტული იქნება.
_ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ექვსი არჩევნები ჩატარდა, როგორ ფიქრობთ ძალიან მოკლე ხომ არ არის საარჩევნო ინტერვალები, რაც პოლიტიკურად მოუმწიფებელი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი? და მაინც, ამ არჩევნებიდან რომელი იყო ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი?
_მოგეხსენებათ დემოკრატია  არა მუდმივი მოცემულობაა, არამედ ეს არის პროცესი და ჩვენ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ. მე მჯერა, რომ მომავალი არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე.
_ 2010 წლის 30 მაისს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე დაახლოებით 21 მილიონი ლარი დაიხარჯა საარჩევნო ადმინისტრაციის შენახვისა და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მიუხედავად ამისა არჩევნებამდე საუბნო კომისიების უმრავლესობა ვერ პასუხობდა პირველ რიგში ცესკოს მოთხოვნებს, რაც შემდგომში აისახა შემაჯამებელი ოქმების არასრულყოფილებით. თქვენი აზრით რა იყო ამის მიზეზი და როგორ შეიძლებოდა უკეთ გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა?
_დასახელებული ციფრი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ეს სულაც არ არი წყალში გადაყრილი მილიონები, თქვენ საუბრობთ შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებზე. დიახ, დაგეთანხმებით, იყო ხარვეზები და ჩვენ ვერ მივაღწიეთ, რომ უბნებში დაწერილიყო 100%-ით იდეალური ოქმები, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველაფერი შედარებითია და წინა არჩევნებთან შედარებით ამ მიმართულებითაც უკეთესობა გვქონდა, თუ  შესაძლებელია კონკრეტული ციფრებსსაც მოყვანაც.
_ რა კონკრეტული ციფრები გაქვთ მხედველობაში?
_ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 60 საარჩევნო უბანზე 25 შემაჯამებელი ოქმი იყო ისეთი, რომ ბალანსი არ დაჯდა. ამ არჩევნებზე 62 საუბნო კომისიის შემაჯამებელი ხუთი ოქმი იყო დაუბალანსებული. თანაც აღსანიშნავია, რომ უბანზე სამი ოქმი ივსებოდა.
_ ერთსა და იმავე სახის დარღვევაზე საოლქო კომისიებმა აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილებები გამოიტანეს. მაგალითად ლანჩხუთის საოლქომ _საუბნო კომისიის თავჯდომარემ დამკვირვებელს მისცა შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც არ იყო აღნიშნული პოლიტიკური პარტიების დასახელება, რის გამოც #61 საოლქო კომისიამ დაითხოვა საუბნოს თავმჯდომარე და მდივანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ კანონმდებლობით საარჩევნო სისტემაში ვერ იმუშავებენ ვერასდროს. ოზურგეთის საოლქო კომისია კი იდენტურ შემთხვევაში, მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა, მეტიც, როცა ამ საკითხზე საჩივარს განიხილავდა, აღნიშნა, რომ ამას დამკვირვებელი თავმჯდომარეს სიჩქარეში დააწერინებდა.
_ რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ფაქტს, შეფასება რომ გავაკეთო, უფრო მეტი შესწავლა სჭირდება, ასე ზეპირად არაკორექტული იქნება, თუმცა ზოგადად ნორმის ერთგვაროვანი განმარტება და გაგება არა ოლქის წევრებისთვის, არამედ იურისტებისთვისაც პრობლემატული საკითხია.
_ სანამდე უნდა ვიყოთ არაერთგვაროვანი განმარტებითა და გაგებით?
_ ნორმის განმარტება ზოგადად იურისპრუდენციაში პრობლემატური საკითხია და ამაზე თეორიული წიაღსვლები ვფიქრობ შორს წაგვიყვანს.
_ და ბოლოს, როგორ შეიძლება ეს არჩევნები შეფასდეს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, მაშინ როცა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. ამასთანავე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები, გამოვლინდა ამომრჩეველთა სიებში მონაცემების, შედეგების ან ოქმების ფალსიფიცირების შემთხვევებიც.

პაატა მანჯგალაძე და მარინე სუნგულია საოლქოს სხდომაზე

_ როგორც ზემოთ ავღნიშნე, არჩევნები ფასდება დარღვევების როგორც შინაარსობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. შინაარსობრივი გულისხმობს რამდენად მძიმე ხასიათის დარღვევებს ჰქონდა ადგილი და მისი არსიდან გამომდინარე შეეძლო თუ არა გავლენა მოეხდინა შედეგზე და რაოდენობრივი- რამდენად ხშირი იყო ასეთი მძიმე ხასიათის დარღვევები. შესაბამისად რა თქმა უნდა დარღვევები იყო, თუმცა მას განსაკუთრებით მძიმე და მასიური ხასითი არ ჰქონია.  და ბოლოს დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი წვლილი შეიტანა არჩევნების გამართულად და ორგანიზებულად ჩატარებაში.

 

2 Responses to “მანჯგალაძე ჩავლილ არჩევნებს პოზიტიურად აფასებს”

  1. luara Says:

    დიდი მადლობა, ქალბატონო შორენა, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის! ხშირად მოიწვიეთ ხოლმე ასეთი საინტერესო რესპონდენტები! არჩევნები ამჯერად, მართლაც კარგად ჩატარდა, რაც პაატა მანჯგალაძის და მის მსგავსად, ბევრი კომპეტენტური ადამიანის დამსახურებაა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s