შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ამოიღეთ გაყალბების ჩამონათვალიდან “სომხური კარუსელი“ June 15, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:35 am

თემურ მარშანიშვილი
წაგება და მოგება ძმები არასოდეს ყოფილან, მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოში ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია ეჭიდება. რომელ ძმობაზეა ლაპარაკი, როცა პოზიცია ისე ზეიმობს გამარჯვებას, თითქოს, დიდგორი მოეგოს მტერთან და არა არჩევნები _ ძმასთან. ოპოზიცია კი გლახა მამალივით იფხორება _ მისალმება არ დამემთავრებინა, ისე მეცა და დამცაო. ასეა თუ ისე, თვითმმართველობის არჩევნები დამთავრდა და რაც უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ, აღარაფერი შეიცვლება, რადგან არც ხელისუფლებაა ბაში-აჩუკი, არენაზე ხელმეორედ გამოვიდეს და არც ოპოზიცია გახლავთ აბდუშაჰილი, უთანასწორო ბრძოლაში მეორე ბეჭიც ამოიგდოს.
რაც შეეხება საერთაშორისო თუ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ, რომ დავაკვირდი, მაინც უნდა ვთქვა: მარიხუანათი გაბრუებულებს ჰგვანან _ ან ვერ მიმხვდარან, რა მოხდა, ან კიდევ განგებ არ ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას.
არჩევან-არადანში გაწაფულმა ხელისუფლებამ არც ამჟამად უღალატა ტრადიციას: ადმინისტრაციული რესურსი ადმინისტრაციულ რებუსად აქცია, კანონიერი ხომ გამოიყენა და გამოიყენა, არაკანონიერსაც კანონიერის სახე მისცა. უკეთესი ფინანსური, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობების წყალობით, მეორე სუნთქვის გახსნის შემდეგ კი, რამდენიმე ახალი მტკივნეული ილეთით ოპოზიცია ერთთვიან ჩოქბჯენში გადაიყვანა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ~ტექნიკური~ ნაციონალები ხელიდან არ გაუშვებდნენ სუფთა (და არა წმინდა) მოგებას.
მმართველი პარტიის ~ტექნიკურობას~ გარკვეულწილად ხელი შეუწყო საარჩევნო კოდექსმაც. რამდენადაც მახსოვს, სანამ საარჩევნო მარათონი დაიწყებოდა, პოზიციონერმა თუ ოპოზიციონერმა იურისტებმა ერთად იმუშავეს და ერთობლივად შეიტანეს სიახლეები მასში. გვეგონა, უფრო ლიბერალური გახადეს კოდექსი, მაგრამ ამ არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს და კანონი არ უნდა იწერებოდეს ისე, როგორც მოთხრობა ან რომანი და მასში არ უნდა იყოს ულოგიკო კვანძები და კვანძის გახსნები. საილუსტრაციოდ ჩვენი იურიდიული ექსპერტის ლევან ხინთიბიძის მიერ ტრაგიკომიკურ სურათად შეფასებულ ერთ მაგალითს მოვიყვან: ასარჩევ კანდიდატს შეეძლო არჩევნების დღეს ყოფილიყო კენჭისყრის ოთახში, როგორც საკუთარი თავის ან კიდევ საკუთარი პარტიის წარმომადგენელი, იმ ფონზე, როცა საარჩევნო კოდექსი კატეგორიულად კრძალავს არჩევნების დღეს ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ აგიტაცია-პროპაგანდას და ითხოვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის პლაკატის ჩამოხსნას. ბატონი ლევანისა არ იყოს, მართლაც რა აზრი აქვს პლაკატის მოშორებას, როცა ცოცხალ კანდიდატს ვხედავთ უბანზე?!
წინა არჩევნებთან შედარებით ~წინ გადადგმულ~ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს გაყალბების ხერხების რაოდენობრივი ზრდა და ფართო სპექტრი. ჩემი აზრით, ამ საკმაოდ გრძელი ჩამონათვალიდან აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ~სომხური კარუსელი~, თორემ, შესაძლებელია, სომხებმა ბრალი დაგვდონ, რუსთაველი ხომ არ დაგვიტოვეს, ახლა ჩვენი ~კარუსელიც~ წაგვართვესო და საერთაშორისო სამართლით, გამოგონების უნებართვოდ და ულიცენზიოდ გამოყენებისთვის ის გროშებიც აგვწაპნონ, არჩევნებს მერე რომ შემოგვრჩა ხაზინაში.
ისე, ნაციონალებიც კარგი ტიპები არიან _ რა ჰქონდათ ამდენი საჩალიჩო, საკარუსელო და გასაყალბებებელი?! ალბათ, თანდაყოლილი მანდრაჟი ვერ მოიცილეს, თორემ დღევანდელი დანაკუწებულ-დანაწევრებული (უკაცრავად ვარ და დასაჭურისებულიც!) ოპოზიცია, რომ არჩევნების მომგები არ იყო, ეს მშვენივრად უწყოდნენ. თუ მაინცდამაინც ასპროცენტიანი შედეგი უნდოდათ, რასაც, სამწუხაროდ, ლამის მიაღწიეს კიდეც კანონიერი თუ არაკანონიერი გზით? ~სამწუხაროდ~ იმიტომ, რომ ერთპარტიულობით გაცილებით უარეს თვითმმართველობას მივიღებთ, ვიდრე გვქონდა. აქ, რასაკვირველია, ტყუის ხალხიც, რომლის საარჩევნო კულტურა, მიუხედავად ამდენი არჩევნების გამოვლისა, ვერ უძლებს იაფფასიან ცდუნებებს. სხვანაირად რით აიხსნება ის, რომ ერთპარტიულობას თავდაღწეული კისრისტეხით ისევ ერთი პარტიისკენ მიექანება და მზადყოფნასაც კი გამოხატავს ქედზე უღლის დასადგმელად?!
და ბოლოს, ჩვენი სამთავრობო ტელევიზიები გვაბრუებენ იმის წამდაუწუმ ტრიალით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, თურმე, წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს საქართველოში 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
სამწუხაროდ, არც მთლად ასეა საქმე _ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებს აფასებენ შემდეგნაირად: ძალიან კარგი, კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კლასიფიკაციაში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მოიპოვა მესამე კრიტერიუმი, ე. ი. არჩევნებმა მიიღო შეფასება ~ცუდი~. და იცით, ვის გავუსწარით? მხოლოდ და მხოლოდ ტაჯიკეთს, სადაც ამავე ორგანიზაციებმა ბოლო არჩევნები ბოლო კრიტერიუმით _ ~ძალიან ცუდით~ შეაფასეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s