შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

“სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა“ June 15, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:40 am

ის, ვინც ამ წერილის მხოლოდ პირველ აბზაცს არ წაიკითხავს, აქვე გაიგებს, რომ საქართველოში, 30 მაისს, ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეუთოს საბოლოო დასკვნა მთლად კარგი ვერ იქნება.
ეუთოს წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ აშკარა პროგრესი აღინიშნა. თუმცა, მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის რჩება კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები, მისი გახორციელება, არათანაბარი წინასაარჩევნო პირობები და არჩევნების დღეს დაფიქსირებული გაყალბების იზოლირებული შემთხვევები.
~ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ აშკარა ძალისხმევა გაწია ამ პრობლემების პროაქტიურად გადაწყვეტისთვის. თუმცა, საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი მაინც შენარჩუნდა. მომდევნო საყოველთაო არჩევნებამდე საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის მიზნით, საჭიროა მეტი ძალისხმევა განმეორებადი არამართლზომიერი ქცევის მტკიცედ აღმოსაფხვრელად~, _ აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.
აქვე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს, წინა არჩევნების მსგავსად, სისტემური უწესრიგობები დაფიქსირდა. შეცვლილი კოდექსი ზოგადად ადეკვატურია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. თუმცა, კვლავ რჩება გარკვეული რაოდენობის მნიშვნელოვანი ხარვეზები. კანდიდატების სიმრავლის და მრავალფეროვნების შედეგად, ამომრჩევლებს რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება მიეცათ, თუმცა, კონკურენტების რაოდენობა ზოგიერთ ერთმანდატიან ოლქში შეზღუდული იყო, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატების 4.5%-მა რეგისტრაციის შემდგომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ბევრი კანდიდატი გამოხატავდა უნდობლობას საარჩევნო პროცესის მიმართ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც OშჩE/ODIHღ-ისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესისგან შედგებოდა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციისგან დარღვევების შესახებ ბრალდებები მიიღო. ბრალდებებს შორისაა კანდიდატურის მოხსნის მიზნით მათზე ზეწოლა; დამკვირვებლების შეფასებით, ზოგიერთი მათგანი დამაჯერებელი იყო.
დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სახელმწიფო მოხელის ოფიციალური და პარტიული ფუნქციები ყოველთვის არ იყო მკვეთრად გამიჯნული. ერთიანი საარჩევნო კოდექსის იმ დებულებებში, რომლებიც საარჩევნო დავებს ეხება, სასურველი იქნებოდა მეტი სიცხადის შეტანა. როგორც მოსარჩელეებს, ისე საარჩევნო კომისიების წევრებს კარგად არ ესმოდათ საარჩევნო საჩივრებისა და განცხადებების მარეგულირებელი პროცედურული დებულებები. არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა… თუმცა, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და პროცედურულ დარღვევებს, ზოგიერთი სერიოზული დარღვევა იყო. მათ შორის, 13 შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. ხმების დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენები იქნა დაფიქსირებული ხმების დათვლის შემთხვევებიდან ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში. საშუალოდ ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს.
ერთიანი საარჩევნო კოდექსი ზოგადად ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა, მასში არსებობს გარკვეული რაოდენობის უზუსტობები, შეუსაბამობები და წინააღმდეგობები. კოდექსი არ იძლევა დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის საშუალებას, რაც ეუთოსა და ევროპის საბჭოს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის, ასევე, საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის. საარჩევნო საკითხებში ჩართული რამდენიმე მხარის შეფასებით, ზოგიერთ პარტიას, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების დანიშვნის უფლება აქვთ, არ გააჩნდათ საკმარისი რესურსები, რომ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში დაენიშნათ საკუთარი წარმომადგენლები. გარდა ამისა, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხშირად იცვლებოდნენ. ერთიან საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები ამ კომისიების ოპოზიციონერი წევრების მიერ საკუთარი რიგებიდან იყვნენ არჩეული. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიესალმნენ ამ სიახლეს და ამან საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა კიდევ უფრო გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი გახადა.
აქვეა აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა და კანდიდატებს თავისუფალი კამპანიის ჩატარებისა და შეკრების საშუალება ჰქონდათ.
წინასაარჩევნო კამპანია დიდი ქალაქების გარეთ, შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოირჩეოდა, თუმცა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რეგიონებში კამპანია შედარებით გამოცოცხლდა. ძირითადი აქცენტი თბილისის მერის არჩევნებზე იყო გადატანილი. წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, ელექტორატთან შეხვედრებისგან შედგებოდა. ამ შეხვედრებს ხშირად ესწრებოდნენ ადგილობრივი კანდიდატები ისევე, როგორც პარტიების წამყვანი ფიგურები. კანდიდატების უმრავლესობის კამპანია კონკრეტულ თემებს ეხებოდა. რამდენიმე პარტიის და ბლოკის ძირითადი წინასაარჩევნო თემა დასაქმება იყო. ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ხაზს უსვამდა სოციალური დახმარებების ზრდას და გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას. ~ალიანსი საქართველოსთვის~ ძირითად ყურადღებას სოციალურ პროგრამებს უთმობდა, მათ შორის პენსიებს და ოჯახებისთვის სოციალურ დახმარებებს. ~ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ~ ძირითადი აქცენტი კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწევაზე გააკეთა. ამ პარტიებისგან განსხვავებით, ~ეროვნული საბჭო~ მთავარ აქცენტს წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე აკეთებდა. წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი რამდენიმე იზოლირებულ შემთხვევას, რომელთა დროს ძალადობას ჰქონდა ადგილი.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ განცხადებები მიიღო დარღვევების შესახებ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან და არასამთავრობო ორგანიზაციისგან. ამ განცხადებების მიხედვით, ხდებოდა ზეწოლა კანდიდატებზე კანდიდატურების მოხსნის მიზნით. ამგვარი განცხადებების ყოველთვის დადასტურება ვერ ხერხდებოდა, ზოგ შემთხვევაში ყალბიც აღმოჩნდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ ეს განცხადებები სანდო იყო. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აცხადებდა, რომ პოლიტიკურ ზეწოლას ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონდა, მათი განცხადებით, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულები და მათი ოჯახის წევრები ერიდებოდნენ ოპოზიციასთან ასოცირებას, რადგან მათ სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ. აღნიშნული შიში, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ნაწილობრივ წინა არჩევნების დროს დაშინების და ზეწოლის ფაქტებიდან გამომდინარეობდა. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ მრავალი წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბიზნესმენებს გართულებების შიშით, არ სურდათ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. ზოგიერთმა საქმიანობამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში არსებული აზრის განმტკიცებას, რომლის მიხედვით სახელმწიფოს და მმართველ პარტიას შორის განსხვავების დანახვა რთულია.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში, თუ ისინი საკუთარ ოფიციალურ მოვალეობებს არ ასრულებენ. ბევრი საჯარო მოხელე, მათ შორის გუბერნატორები, შვებულებაში გავიდნენ, რათა წინასაარჩევნო კამპანიაში ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სასარგებლოდ მიეღოთ მონაწილეობა. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მოისმინეს განცხადებები, რომელთა მიხედვით ზოგიერთ რაიონში მუნიციპალური ორგანოები თანამშრომლების ნაკლებობას განიცდიდნენ, რადგან ისინი მასიურად გავიდნენ შვებულებაში.
არჩევნების გამოცხადების დღიდან, კანონით იკრძალება იმ საქმიანობების გახორციელება, რომლებიც მანამდე ბიუჯეტში არ ყოფილა გაწერილი. მას შემდეგ, რაც სადამკვირვებლო მისიამ მოისმინა ბევრი ბრალდება იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი მთავრობის მიერ გაწეული ხარჯების მკვეთრი ზრდა მოხდა, დაადასტურეს, რომ ასეთ პროცესებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. წინასაარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 70 საჩივარი იქნა შეტანილი, 52 საჩივარი და 8 განცხადება იქნა შეტანილი ცესკოში, 9 განცხადება _ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 _ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და 1 _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ერთიანი საარჩევნო კოდექსი არ აწესებს, არც საჩივრების შეტანის და არც მათი განხილვის კონკრეტულ ვადებს. საშუალოდ, ცესკოში შეტანილი საჩივრების განხილვა მათი შეტანიდან დაახლოებით ორ კვირაში ხდებოდა. ცესკომ ვერ მოახდინა საარჩევნო დღემდე ცესკოში შეტანილი ყველა საჩივრის განხილვა. პროცედურების და კომპეტენციის შესახებ არსებულმა გაურკვევლობამ, საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვების მხრივ, დიდი დისკრეცია მისცა, რამაც არათანმიმდევრული პრაქტიკა გამოიწვია. საჩივრების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი დამკვირვებლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ იქნა წარდგენილი. ისინი ძირითადად აცხადებდნენ, რომ ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, წინასაარჩევნო კამპანიაში იმ პირების მონაწილეობა, რომლებსაც ამისი უფლება არ ჰქონდათ და საარჩევნო მასალების გაკვრაში ხელის შეშლა. ამ საჩივრების უმრავლესობა არ იქნა მიღებული უსაფუძვლობის ან იურიდიული საფუძვლების არარსებობის მოტივით. ერთ-ერთ შემთხვევაში, ცესკომ ისეთი ინტერპრეტირება მოახდინა, რომელიც, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება იმ იურიდიულ დებულებებს, რომლებიც კონკრეტულ პირებს კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს. ცესკომ გადაწყვიტა, რომ ამ კონკრეტულ პირებს შეეძლოთ კამპანიაში მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამომრჩევლებს აქტიურად არ მოუწოდებდნენ კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიეცათ ხმები. იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი ნათლად არ განსაზღვრავს საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, გარკვეული საჩივრები ცესკოში იქნა შეტანილი მაშინ, როდესაც ეს საჩივრები იმ სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ რეგიონებში; ამან ამ კონკრეტული საჩივრების გამოძიების ეფექტურობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. განცხადებების წარდგენის და სასამართლოების მიერ მათი განხილვის საბოლოო ვადები 2009 წლის შესწორებების მიხედვით ორი კალენდარული დღით იქნა გაზრდილი; თუმცა, საარჩევნო კომისიების მიერ განცხადებების განხილვის ვადა კვლავ ერთი დღით განისაზღვრა. მომჩივნებს და კომისიებს, როგორც ჩანს, კარგად არ ესმით ის დებულებები, რომლებიც საარჩევნო დავებს არეგულირებენ. მაგალითად, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებების ნახევარზე მეტი ცესკოში იურიდიულად განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ წარადგინეს. გარდა ამისა, საჩივრები და განცხადებები ხშირად შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ორგანოებში შედიოდა. საოლქო საარჩევნო კომისიები ყოველთვის არ აგზავნიდნენ ხოლმე ცესკოში იმ საჩივრებს, რომელთა განხილვის კომპეტენცია მათ არ გააჩნდათ.
საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადაწყვეტილებებს ყოველთვის წერილობით ფორმაში არ აქვეყნებდნენ, მომჩივნებს თავისი გადაწყვეტილებების შესახებ სიტყვიერად კონკრეტული საჩივრების განხილვისას ატყობინებდნენ, ხოლო წერილობით ამ გადაწყვეტილებებს ერთი დღის შემდეგ აქვეყნებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოტანილი ზოგიერთი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ ყოფილა. ამგვარი პრაქტიკა მომჩივნებს ართმევდა იმის უფლებას, რომ მოეხდინათ მათი საჩივრების ეფექტური იურიდიული განხილვა. იმის მიუხედავად, რომ არჩევნების დღემდე ბევრი ბრალდება გაისმა, რომელთა მიხედვით ოპოზიციურ კანდიდატებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, არჩევნების დღისთვის პროკურატურაში მხოლოდ ორი განცხადება შევიდა. ამ საჩივრების თაობაზე გამოძიება გრძელდება.
არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა და საარჩევნო უბნების უმრავლესობაში არჩევნების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და პროცედურულ დარღვევებს, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ხასიათის მქონე დარღვევა იყო. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პროცედურული დარღვევა ეხებოდა მარკირებას, რაც ერთი და იგივე ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის აღკვეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმ საარჩევნო უბნების 9%-ში, რომლებშიც დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, ყველა ამომრჩევლის მარკირების შემოწმება არ ხდებოდა, ხოლო საარჩევნო უბნების 7%-ში ყველა ამომრჩევლის მარკირება არ ხდებოდა, ოთხ საარჩევნო უბანზე კი იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მარკირება, მაინც დართეს ხმის მიცემის უფლება.
სხვა დარღვევებს შორის იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო ყუთები სწორად არ იყო დალუქული (7%), დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებში იდენტური ხელმოწერები (6%), ჯგუფურად ხმის მიცემა (7%), მრავალჯერადი ხმის მიცემა (1%), სხვის მაგივრად ხმის მიცემა (1%) და ერთი და იგივე ადამიანის მიერ ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემაში ~დახმარების გაწევა~ (2%). 12 საარჩევნო უბანზე არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ნახეს იმის ნიშნები, რომ სავარაუდოდ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა მოხდა. შემოწმებული საარჩევნო უბნების 6%-ში ყველა ამომრჩეველი ხმის მიცემის ფარულობას არ იცავდა. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შესვლა არ შეეძლოთ, რადგან ამ უბნებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნდათ. ამომრჩევლების დაშინების 8 შემთხვევა აღინიშნა. ბევრმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პარტიული აქტივისტები, რომლებიც ინიშნავდნენ, თუ რომელი ამომრჩეველი მოვიდა ხმის მისაცემად. აქტივისტების უმრავლესობა, ამ საქმიანობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ატარებდა.
ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, 25%-ზე მეტი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომებით და დარღვევებით.
დამკვირვებლები ხშირად აფიქსირებდნენ ხმის დათვლის პროცესში მონაწილე პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ, მათ ასევე დააფიქსირეს ამომრჩეველთა სიებში მონაცემების, შედეგების ან ოქმების ფალსიფიცირების სამი შემთხვევა. საშუალოდ 5 საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები შედეგების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით. 7 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შედეგების ოქმები წინასწარ იყო ხელმოწერილი. საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების თითქმის 50%-მა ხმის დათვლის ოქმები შევსებისთანავე არ გადააგზავნა ცესკოში. წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ნეგატიურად შეფასდა.
ასევე ფიქსირდებოდა ისეთი საარჩევნო მასალების მიღება, რომელთაც ლუქები ახსნილი ჰქონდათ. შედეგების ოქმებში დაფიქსირებული ციფრები ხშირად სწორად არ იყო შეჯამებული.
საბოლოო დასკვნას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სავარაუდოდ. 7 კვირაში გამოაქვეყნებს.
სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით მასალა მოამზადა შორენა ღლონტმა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s