შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

ტენდენციური გადაწყვეტილება და ვითომ “მოკვლეული ფაქტები“!!! June 14, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:38 pm

შორენა ღლონტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების _ გურიანთის, მერიის და სოფელ ოზურგეთის რწმუნებულების სამუშაო კაბინეტები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატებითა და ბუკლეტებითაა სავსე. როგორც იურისტები ამბობენ, მსგავსი ქმედება, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში _ რწმუნებულის) 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
“გურია ნიუსში“ ამ ინფორმაციის შემცველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. ამ უკანასკნელმა კი, როგორც #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველ ივნისს გამართული სხდომის #35 ოქმში ვკითხულობთ, დაავალა მას ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთის რწმუნებულის ბახვა კვერღელიძის მიმართ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 126-ე 20 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
“დადგენილ იქნა, რომ სოფელ გურიანთის რწმუნებულის ბახვა კვერღელიძის კაბინეტში გაკრული იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატები… განცხადებაში მოყვანილი ფაქტების, თანდართული მტკიცებულებების და საქმეში არსებული სხვა მასალების შესწავლით დადგინდა, რომ გურიანთის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, სოფლის რწმუნებულის ბახვა კვერღელიძის კაბინეტში, საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გამოკვრა თავისი შინაარსით გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციას _ ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად. ამდენად, გურიანთის რწმუნებულის მიერ გახორციელებული საარჩევნო აგიტაცია, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გახორციელდა ამ საქმიანობისთვის აკრძალულ დაწესებულებაში… მასალები შემდეგი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს“, _ აღნიშნულია სხდომის ოქმში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 28 მაისის #335/2010 განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ … მოყვანილი ფაქტების, თანდართული მტკიცებულებების და საქმეში არსებული სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ მერიის რწმუნებულის ვაჟა ჩანჩიბაძისა და სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის გრიგოლ ჩხაიძის სამუშაო მაგიდებზე არის გარკვეული სახის დოკუმენტაცია. ვაჟა ჩანჩიბაძის განმარტებით, მის მაგიდაზე ელაგა ხვნა-თესვის კამპანიასთან დაკავშირებული სოფლის სახნავი ნაკვეთების კერძო მესაკუთრეების და მექანიზატორების სია (ალბათ, ხვნა-თესვის მომხრე-მოწინააღმდეგების!). გრიგოლ ჩხაიძის განმარტებით, #2,#5 და #7 საარჩევნო სუბიექტების პლაკატები მას დახვდა სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რაც მან დროებით შეიტანა მის სამუშაო კაბინეტში (რედაქციაში ინახება ჩანაწერი, სადაც სოფელ ოზურგეთის რწმუნებული გარკვევით ამბობს, რომ აბა, ხელისუფლების წარმომადგენელს #7-ის პლაკატები ხომ არ მექნება კაბინეტშიო). ჟურნალისტის მიერ გადაღებული იქნა მხოლოდ #5 საარჩევნო სუბიექტის სურათები (ეს ტყუილთან ერთად, აბსურდია!). ამდენად, სოფელ მერიის რწმუნებულის ვაჟა ჩანჩიბაძის და სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის ქმედებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას წინასაარჩევნო კამპანიად. მათ ქმედებებში, აგრეთვე, არ იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სხვა საფუძვლები. ამდენად, არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძვლები.
27 მაისს, #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “… დანართი #1 აღბეჭდილია სოფელ გურიანთის რწმუნებული ბახვა კვერღელიძე, რომელმაც ზეპირი გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ის მართლაც იყო თავის კაბინეტში 2010 წლის 15 მაისს, შაბათს. სოფელში ამ დღეს მიმდინარეობდა პენსიების გაცემა და ხვნა-თესვის კამპანიასთან დაკავშირებით ორგანიზება გაუკეთდა მექანიზატორების და მოსახლეობის შეხვედრას… დანართი #2-ზე აღბეჭდილია სოფელ მერიის რწმუნებული ვაჟა ჩანჩიბაძე, რომელმაც ზეპირი გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მას არანაირი ფურცლების დასტა გაზეთში არ შეუფუთია, როდესაც ჟურნალისტები შეიჭრნენ მის კაბინეტში, ის სარგებლობდა შესვენებით და სადილობდა. მან საკვების ნარჩენები თაბახის ფურცელზე გადმოწმინდა, შეახვია გაზეთში და ნაგვის ურნაში ჩააგდო. რაც შეეხება მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებს და ამომრჩეველთა სიას, მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა. მან განმარტა, რომ მის მაგიდაზე ელაგა ხვნა-თესვის კამპანიასთან დაკავშირებული სოფლის სახნავი ნაკვეთების კერძო მესაკუთრეების და მექანიზატორების სია. ამასთან, ის ვერ იხსენებს ზუსტ რიცხვს, როდის გადაიღეს ჟურნალისტებმა აღნიშნული ფოტო (ბატონ ვაჟა განვუმარტავთ და არა მარტო მას, რომ ამ დროს აუდიო ჩაწერასთან ერთად, ვიდეოგადაღებასაც ვახორციელებდით). დანართი #3-ზე აღბეჭდილია სოფელ ოზურგეთის რწმუნებული გრიგოლ ჩხაიძე. ზეპირი გამოკითხვისას მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტების თავხედურ შეკითხვაზე იუმორით უპასუხა, ხოლო ჟურნალისტმა თუ ხუმრობა ვერ გაიგო ეს უკვე მისი პრობლემაა… ჟურნალისტმა გადაიღო მხოლოდ ერთ მხარეს დალაგებული პლაკატები, ხოლო მაგიდის მეორე მხარეს დალაგებული პლაკატები არ გადაუღია.“ (ბატონი გრიგოლის სამუშაო კაბინეტი სხვადასხვა რაკურსით გადავიღეთ. ხომ არ გინდათ დავიბრალოთ, რომ პლაკატი “გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ ჩვენ,“ თავხედმა“ ჟურნალისტებმა გავაკარით ადმინისტრაციულ შენობაში, კონკრეტულად კი რწმუნებულის კაბინეტში?!).
საოლქო კომისიამ ისე ~აწარმოა~ მოკვლევა, რომ არც კი დაინტერესებულა სიმართლეს ამბობდნენ თუ არა ეს ადამიანები. ალბათ იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოსმენის და ნახვის შემთხვევაში, ვერ დადებდა ~მტკიცე~ არგუმენტებით გაჯერებულ ასეთ ~იურიდიულ შედევრს~. 2010 წლის 20 მაისს, სხვადასხვა სოფლის რწმუნებულების კაბინეტები მე, ნოდარ სირაძემ, ლევან ჩხაიძემ და ირაკლი პაპავამ ერთად მოვიარეთ.
_ მე, ამ შემთხვევაში არა როგორც იურისტმა, არამედ როგორც ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ 2010 წლის 20 მაისს, ჩემს თანამშრომელთან _ ლევან ჩხაიძესთან და გაზეთ “გურია ნიუსის“ ჟურნალისტებთან _ შორენა ღლონტთან და ნოდარ სირაძესთან ერთად, ნამდვილად შევხვდი სოფელ ოზურგეთის, გურიანთისა და მერიის რწმუნებულებს მათ სამსახურებრივ კაბინეტებში. შემიძლია დაბეჯითებით დავადასტურო, რომ ეს შეხვედრები შედგა 20 მაისს, ხუთშაბათ დღეს და არა 15 მაისს (შაბათს), როგორც ამას სოფელ გურიანთის რწმუნებული ბატონი ბახვა კვერღელიძე განმარტავს. სამივე რწმუნებულის სამსახურებრივ კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას იყო გამოკრული ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ხუთნომრიანი პლაკატები, ხოლო მათ სამუშაო მაგიდებზე ელაგა დასარიგებლად გამზადებული, იმავე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალები (ბროშურები); არც ერთი სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატი თუ სააგიტაციო მასალა ამ სამი სოფლის რწმუნებულის სამსახურებრივ კაბინეტში თუ სამუშაო მაგიდაზე არ ყოფილა. ასე რომ, ზემოაღნიშნულ წერილში მოყვანილი სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის გრიგოლ ჩხაიძის ახსნა-განმარტება, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ მხარეს დალაგებული პლაკატები გადაიღო და რომ მას სხვა საარჩევნო სუბიექტთა მხარდამჭერი პლაკატებიც ჰქონდა კაბინეტში, სინამდვილეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც: ~გურია ნიუსის~ ჟურნალისტთან საუბარში მან პირდაპირ განაცხადა, რომ “ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და აბა შვიდ ნომერს ხომ არ გავაკრავდიო“. ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და ვერანაირად ვერ დავადასტურებ სოფელ მერიის რწმუნებულის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტები შეიჭრნენ მის კაბინეტში. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, _ აცხადებს ირაკლი პაპავა.
#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რწმუნებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ 3 ივნისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა და მის გაუქმებას მოითხოვს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s