შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

იყო თუ არა გადასატანი ყუთები არჩევნების გაყალბების ახალი საიდუმლო ხერხი June 14, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 12:43 pm

შორენა ღლონტი
28-29 მაისს “გურია ნიუსმა“ #60 ოზურგეთის ოლქში შემავალ 20 საარჩევნო უბანზე მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის მიზანი სიის დანართში გადატანილი ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენა იყო.
ოზურგეთის 23-ე საარჩევნო უბნის სიის დანართში 107 ამომრჩეველი იყო გადატანილი. როგორც აღმოჩნდა, აქედან საკმაოდ ბევრი ადამიანი არ საჭიროებდა გადასატანი ყუთით სარგებლობას და უბნებზე ხმის მისაცემად მიდიოდა.
არ მინდა გადასატანი კუტიქალბატონ მარგალიტა კონტრიძეს, რომელიც 80 წლისაა, სახლში ვესტუმრეთ. როგორც მან გვითხრა, არავითარი გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია, რასაც მისი შვილიშვილიც ადასტურებდა. იგი, ასაკის მიუხედავად, პირადად აპირებდა მისვლას საარჩევნო უბანზე, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრითაა დაშორებული.
_ რა უნდა, შვილო, იქ მისვლას, რაში მჭირდება გადასატანი ყუთი? დღეში ორჯერ ვაკითხავ შვილიშვილს მოედანზე…
ჯანმრთელად იმყოფებოდა ლიდა ეფიმოვაც, რომელიც გარდაცვლილი მეზობლის დასაფლავებაზე იყო წასული და მისი ქალიშვილის თქმით, უბანზე დედის სახელით შესული სატელეფონო ზარი მათგან არ გახორციელებულა. ავადმყოფობის მიუხედავად, გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია მერი შათირიშვილსაც.
“გურია ნიუსმა“ მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნა ამ 107 ადამიანის სიაში შეყვანაზე, 5 სატელეფონო ნომრიდან გაკეთდა. დავრეკეთ რამდენიმე მოცემულ ნომერზე და აღმოჩნდა, რომ მათგან ორი ნაციონალური მოძრაობის მიკროკოორდინატორებს, ხოლო ერთიც კი ოპოზიციის წარმომადგენელს ეკუთვნოდა:
_ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ბრძანდებით?
_კოორდინატორი არა, მიკროკოორდინატორი.
_ ვის ვესაუბრები?
_ გ. კალ…
ამის შემდეგ მეორე ნომერზე დავრეკეთ.
_ ნაციონალური მოძრაობის მიკროკოორდინატორს ვესაუბრები?
_ დიახ, დიახ.
_ კონკრეტულად ვის?
_ ნოდარის, _ საუბარი აღარ გაგვიგრძელებია.
მესამე ნომერზე დარეკვისას კი ასე დავიწყეთ საუბარი:
_ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური შტაბიდან გირეკავთ.
_ საიდან იცით ჩემი ნომერი? ვინ ხართ?
_ სოფელ ბოხვაურიდან მოგვაწოდეს თქვენი კოორდინატები.
_ და ვინ ხართ?
_ ვის ვესაუბრები?
_ მე ნაციონალების კოორდინატორი არ ვარ, ოპოზიციონერი ვარ, _ გვითხრა მამაკაცმა სატელეფონო საუბარში.
გარდა ამისა, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით შესული განცხადებები ერთი ხელით იყო დაწერილი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
იგივე დაფიქსირდა ანასეულის და წვერმაღალას საარჩევნო უბანში. ამასთანავე, ჩვენს მიერ გადამოწმებულ თითქმის ყველა უბანში სიებში ხარვეზები იყო, კერძოდ, ნუმერაციასთან დაკავშირებით.
#34 მელექედურის საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნი 28 მაისს დახურული არ იყო. გაურკვეველი იყო, რამდენი ამომრჩეველი აძლევდა ხმას გადასატანი ყუთის საშუალებით, რადგან, ზოგიერთი ამომრჩეველი დაფიქსირებული ჰყავდათ, როგორც სატელეფონო ზარით, ასევე განცხადებითაც. მდივნის თქმით, სხვადასხვა მიზეზებით, რამდენიმე ამოიღეს გადასატანი ყუთის სიიდან, რაც ჩანაწერთა წიგნში მითითებული არ არის. ჩანაწერთა წიგნში არ ფიქსირდებოდა, რომელ საათზე იყო გახორციელებული სატელეფონო ზარი.
საინტერესოა, თვით განცხადების ტექსტებიც, სადაც განმცხადებელი წერდა: ~ავადმყოფობის გამო ვერ გამოვცხადდები უბანზე~. ამასთან, ყველა აღნიშნული ტიპის განცხადება (15 ცალი) ერთი და იმავე ხელწერით იყო შესრულებული. ასევე #60 ოლქის საზღვრებში შემავალ უმრავლეს უბანზე, მაგალითად, დვაბზუსა და გაღმა დვაბზუში, ურეკსა და წვერმაღალაში, ისევე, როგორც დანარჩენ უბნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიებში დარღვეული იყო ნუმერაცია. მაგალითად, 902-ე ამომრჩევლის შემდეგ 1382-ე ამომრჩეველი მოდიოდა, 159-ის შემდეგ კი _1289.
ჩვენს მიერ გადამოწმებულ 20 უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემას 1126 ამომრჩეველი აპირებდა.
როგორც ~საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე ამბობს, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დარღვევათა მეტი წილი სწორედ ამომრჩეველთა სიის დანართის, ანუ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე მოდის. არადა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა სია უნდა შედგეს არჩევნებამდე 2 დღით ადრე (ამ შემთხვევაში 28 მაისისთვის), ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის საფუძველი არის წერილობითი განცხადება, ან სატელეფონო ზარი, რომლის მიხედვითაც უნდა დაფიქსირდეს ამ სიაში შეყვანის მიზეზი:
_ ასეთი ფაქტის დადასტურების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აკეთებენ ჩანაწერებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რომ ეს ამომრჩეველი გადაყვანილია ამომრჩეველთა სიის დანართში, ხოლო მდივანი, ამავდროულად, განცხადებას და სატელეფონო ზარს, ამომრჩევლის რეკვიზიტების გათვალისწინებით, აფიქსირებს სარეგისტრაციო ჟურნალში. თუ ამ ქმედებათა თანმიმდევრობიდან ერთ-ერთიც არ არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ეს საფუძველია იმისა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ბათილად იქნეს ცნობილი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ მსგავს ფაქტზე საჩივარი არ დაიწერა უფლებამოსილი პირების მიერ, პრაქტიკიდან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან რეაგირება არასდროს არ ხდება.
რაც შეეხება თავად გასაჩივრებას ამ საკითხზე, დარღვევის აღმოჩენისთანავე, ანუ კენჭისყრის დღემდე უნდა შევიდეს საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილად ცნობის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს უკვე არავინ ითვალისწინებს მსგავს კანონიერ მოთხოვნას.
ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ორგანული კანონი _ “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ არის დასახვეწი და გასამართავი, _ ამბობს ლევან ხინთიბიძე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s