შორენა ღლონტი- Shorena Glonti

Just another WordPress.com site

დააჯარიმებენ თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას June 14, 2010

Filed under: Uncategorized — Shorena Glonti @ 7:46 pm


შორენა ღლონტი

24 აპრილს, ოზურგეთის სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა 30 მაისს დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის და ოზურგეთის #60 ოლქის შუალედურ არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები წარადგინეს.
წინასაარჩევნო შეკრებას, რომლის გამოც ოზურგეთის ცენტრალური ქუჩა თითქმის სამი საათის განმავლობაში პოლიციის მანქანებით იყო გადაკეტილი, საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციების, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
~საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.
~გურია ნიუსმა~ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზვიად თენიეშვილს წერილობითი კითხვით მას შემდეგ მიმართა, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეგისტრაციო ჟურნალის დედანში #561 განცხადებას გაეცნო:
~ბატონო ზვიად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, რა რეაგირება უნდა მოახდინოს #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ?~
~#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2010 წლის 29 აპრილს შემოსული თქვენი #37 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, #60 ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიმართ გამოიყენოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 126-27 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით~.
~გურია ნიუსმა~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამია ბარამიძეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 30 აპრილს მიმართა: ~საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2010 წლის 23 აპრილს შემოსული #561 განცხადების ასლი და ამ განცხადებაზე გაცემული თანხმობის წერილის ასლი~.
როგორც გამგეობიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, 23 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამია ბარამიძეს, ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა წერილობით მიმართა: ~ბატონო მამია, ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია 2010 წლის 24 აპრილს 14 საათიდან 16 საათამდე ქალაქ ოზურგეთში, მ. კოსტავას ქუჩაზე, სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებს წინასაარჩევნო შეკრებას. გთხოვთ, დაგვრთოთ ნება და აღნიშნულ დროს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტოთ მ. კოსტავას ქუჩა. შეხვედრაზე პასუხისმგებელი პირი ავთანდილ მექვაბიშვილი~.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამია ბარამიძე იმავე დღეს ავთანდილ მექვაბიშვილს წერს:
~თქვენი 2010 წლის 23.04.#561 წერილის პასუხად, ნება გეძლევათ, 2010 წლის 24 აპრილს 14-დან 16 საათამდე ოზურგეთში, მ. კოსტავას ქუჩაზე, სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატაროთ წინასაარჩევნო შეკრება და იმოქმედოთ ~შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად~.
_ როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 23.04.2010 წელს, თხოვნით მიმართა, უფლება მიეცათ ჩაეტარებინათ 24.04.2010 წელს წინასაარჩევნო შეკრება, სადაც მოხდებოდა გზის გადაკეტვა, დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი, _ გვითხრა ~საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს~ იურისტმა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი დაარღვია კანონმდებლობა, რადგან გასცა ნებართვა იმ საქმეზე, რაც არ საჭიროებდა ნებართვას. კერძოდ, მანიფესტაციების ჩატარებისთვის, საჭიროა გაფრთხილება და არა ნებართვის აღება: _ ამით მოხდა შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, _ ამბობს კასრაძე.
~საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ~ ამ ფაქტთან დაკავშირებით 3 მაისს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა.

~საარჩევნო შვებულება~
შორენა ღლონტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 42 თანამშრომლიდან 12 კუთვნილ შვებულებაშია _ ეს ინფორმაცია ~გურია ნიუსს~ საკრებულოს აპარატის უფროსმა ეკატერინე მუჯირმა დაუდასტურა.
დღეისათვის, კუთვნილი შვებულებით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია, საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი მაკა მეგრელაძე, მდივან-რეფერენტი მაია ნარსია, მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო-ანალიტიკური და კომპიუტერული მომსახურების საკითხებში კახა თავბერიძე, სოფლის მეურნეობის, მიწის მართვისა და განკარგვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე, თავმჯდომარის თანაშემწე კობა ხაბალაშვილი, წამყვანი სპეციალისტი საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში თამარ წერეთელი, ფრაქცია ~მაჟორიტარების~ თავმჯდომარის თანაშემწე ფილიპე ცელაძე, ფრაქცია ~მაჟორიტარების~ თავმჯდომარე ხვიჩა კილაძე, ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანდელაძე, მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციული მომსახურების საკითხებში ნათია ლომჯარია.
მიხეილ გოგოტიშვილი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია სოფელ დვაბზუში; ირინა საჯაია პროპორციული სიის მეექვსე ნომერია; მაკა მეგრელაძე 60/05 მოიდანახეს II უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა; მაია ნარსია კი 60/08 სერის უბანზე ნაციონალური მოძრაობიდან წარდგენილი წევრი; ვალია გირკელიძე სოფელ ბოხვაურში მაჟორიტარობის კანდიდატია, ისევე როგორც კობა ხაბალაშვილი დაბა ლაითურში; ფილიპე ცელაძე კი 60/33 მაკვანეთის საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიის ~ჩვენ თვითონ~ წარდგენილი წევრი და ამავე საარჩევნო უბნის არჩეული მდივანია.
როგორც ვხედავთ ეს ადამიანები არა კუთვნილ, არამედ ~საარჩევნო შვებულებაში~ იმყოფებიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s